logo
ENG



საგარეო: საქართველოსა და პერუს შორის უვიზო მიმოსვლის შესახებ შეთანხმება გაფორმდა

19 სექ 202308:47
3 წუთის საკითხავი
 
2023/09/19/sdl2alqz058w5mw.jpg
საგარეო საქმეთა სამინისტრო

საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, დღეს საქართველოსა და პერუს რესპუბლიკას შორის უვიზო მიმოსვლის შესახებ შეთანხმება გაფორმდა. ამის შესახებ უწყება განცხადებას ავრცელებს.

"2023 წლის 18 სექტემბერს, საქართველოსა და პერუს რესპუბლიკას შორის უვიზო მიმოსვლის შესახებ შეთანხმება გაფორმდა, რომელსაც გაეროს გენერალური ასამბლეის 78-ე სესიის ფარგლებში გამართულ შეხვედრაზე, საგარეო საქმეთა მინისტრმა ილია დარჩიაშვილმა და პერუს საგარეო უწყების ხელმძღვანელმა ანა სესილია გერვასმა მოაწერეს ხელი", - აღნიშნულია განცხადებაში.

უწყების ცნობით, ნიუ-იორკში გამართულ შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს ორმხრივი და მრავალმხრივი დღის წესრიგის აქტუალური საკითხები და სამომავლო პერსპექტივები. მათივე განცხადებით, ხაზი გაესვა მაღალი დონის ვიზიტების განხორციელების მნიშვნელობას და თანამშრომლობის გაღრმავებას პოლიტიკურ, სავაჭრო-ეკონომიკურ, კულტურისა და განათლების სფეროებში.

საგარეოში აღნიშნავენ, რომ ილია დარჩიაშვილმა კოლეგასთან შეხვედრის დროს ხაზი გაუსვა საქართველოსთვის ლათინური ამერიკის ქვეყნებთან თანამშრომლობის მნიშვნელობას - უწყების განცხადებითვე, მხარეები შეთანხმდნენ აქტიურად ორმხრივი თანამშრომლობის განვითარებისთვის სხვადასხვა სფეროში.


close დახურვა