logo
ENG



მთიან ყარაბაღში პირველ მსხვერპლზე საუბრობენ

19 სექ 202318:05
3 წუთის საკითხავი
clock 377
2023/09/19/88awstwauoziie0.jpg

მთიან ყარაბაღში აცხადებენ, რომ აზერბაიჯანის დაბომბვის შედეგად სულ მცირე ორი მშვიდობიანი მოსახლე დაიღუპა და 23 ადამიანი დაშავდა. ამის შესახებ ინფორმაციას არაღიარებული მთიანი ყარაბაღის რესპუბლიკის (არცახის) სახალხო დამცველი გეგამ სტეპანიანი სოციალურ ქსელში წერს.

სტაპანიანი ამბობს, რომ დაღუპულს შორის ერთი ბავშვია, ხოლო დაჭრილებს შორის - 8. სტეპანიანმა სოციალურ ქსელ X-ში (ყოფილი Twitter) გამოაქვეყნა დაშავებულებისა და დაზიანებული საცხოვრებელი კორპუსების ფოტოები.

19 სექტემბერს აზერბაიჯანმა განაცხადა, რომ მთიან ყარაბაღში "ანტიტერორისტულ ღონისძიებებს" იწყებდა და ტერიტორიის დაბომბა დაიწყო. ბაქოში ამტკიცებენ, რომ მხოლოდ სამხედრო ობიექტებს ბომბავენ. აზერბაიჯანი ყარაბაღიდან სომხეთის ჯარების გაყვანას და რეგიონში "რეჟიმის შეცვლას" მოითხოვს.

სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ აზერბაიჯანის ქმედებები "მასშტაბურ აგრესიად" შეაფასა. ერევანი აცხადებს, რომ მთიანი ყარაბაღის ტერიტორიაზე სომეხი სამხედრო პერსონალი არ იმყოფება და მოუწოდებს გაეროს უშიშროების საბჭოს და რუს სამშვიდობოებს მიიღონ ზომები საომარი მოქმედებების შესაჩერებლად.


close დახურვა