logo
ENG



თიბისი ბანკში აცხადებენ, რომ საერთაშორისო სანქციებთან შესაბამისობაში რჩებიან

20 სექ 202310:45
3 წუთის საკითხავი
 
2023/09/20/0jh1pdxvqdhpogh.jpg

თიბისი ბანკში აცხადებენ, რომ საერთაშორისო სანქციებთან შესაბამისობაში რჩებიან. ამის შესახებ ფორმულას ბანკის პრესსამსახურში განუცხადეს.

"ვრჩებით აშშ-ის, ევროკავშირისა და გაერთიანებული სამეფოს მიერ დაწესებული საერთაშორისო სანქციების შესაბამისობაში. ჩვენი ყველა ოპერაცია, რასაც ვაკეთებდით და გავაკეთებთ, საერთაშორისო სანქციების შესაბამისობაშია", - აღნიშნეს ბანკში. 

14 სექტემბერს აშშ-მა ყოფილ მთავარ პროკურორს, ოთარ ფარცხალაძეს უკრაინაში მიმდინარე ომის კონტექსტში სანქციები დაუწესა. სახელმწიფო დეპარტამენტში აღნიშნეს, რომ რუსეთს უსაფრთხოების ფედერალური სამსახური ფარცხალაძეს ქართულ საზოგადოებასა და პოლიტიკაზე რუსეთის სასარგებლოდ გავლენის მოსახდენად იყენებდა. 

18 სექტემბერს საქართველოს ეროვნული ბანკის გადაწყვეტილებით, სანქცირებულ ფარცხალაძეს მის საკუთრებაში არსებულ საბანკო ანგარიშებზე წვდომა შეეზღუდა. თუმცა აღნიშნული გადაწყვეტილება მეორე დღესვე შეცვალა.

ამ ცვლილებას წინ უძღოდა ქართული ოცნების თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადება, რომელმაც არაკონსტიტუციური უწოდა ეროვნული ბანკის გადაწყვეტილებას.

ამის შემდეგ საქართველოს ეროვნულმა ბანკმა სანქციათა რეჟიმების შესრულების წესში ცვლილება შეიტანა. ცვლილების მიხედვით, სანქციები აღსრულდება საქართველოს მოქალაქეზე, თუ მის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების საფუძველთან დაკავშირებით საქართველოს სასამართლო გამამტყუნებელ განაჩენს გამოიტანს.


close დახურვა