ნიკა მელიასა და ბაჩო დოლიძის ადვოკატის, გიორგი კონდახაშვილი განცხადებით, მოლოდინი აქვთ, რომ გლდანში დაკავებულების სასამართლო დღეს დღის ბოლომდე გაიმართება. ადვოკატის თქმით, რამდენიმე წუთში საქალაქო სასამართლოში გადაიყვანენ ნიკა მელიას - მისივე ინფორმაციით, უკვე იქ იმყოფებიან ბაჩო დოლიძე და ზვიად კუპრავა.
"ნიკასთან გვქონდა შეხვედრა, რა დროსაც მოვიდა მოთხოვნა და უახლოეს წუთებში მოხდება ნიკა მელიას ეტაპირება თბილისის საქალაქო სასამართლოში, ასევე, შსს მიმართავს საქალაქოს და დიდი ალბათობით, მოითხოვს მათ სამართალდამრღვევებად ცნობს.
ველოდებით, რომ პროცესი ჩაინიშნება დღეს, ბაჩო დოლიძე უკვე გადაყვანილია, ასევე, როგორც ჩემთვის არის ცნობილი კუპრავაც გადაყვანილია სასამართლოში. დღეს, დღის ბოლომდე გვაქვს მოლოდინი, რომ სასამართლო პროცესი გაიმართება, ვინაიდან 48-საათიანი დაკავების ვადა დღეს ეწურებათ", - განაცხადა მან ფორმულასთან.
გლდანში საკრებულოს ოპოზიციონერ დეპუტატზე, ირაკლი ეძგვერაძეზე ჯგუფური თავდასხმა მაშინ მოხდა, როცა ნაციონალური მოძრაობის საკრებულოს დეპუტატი სახლში ბრუნდებოდა. ამას წინ საკრებულოს სხდომაზე ხმაური და დაპირისპირება უძღოდა. ერთმანეთს ეძგვერაძე და ქართული ოცნების გლდანის მაჟორიტარი დეპუტატი, კოტე ზარნაძე დაუპირისპირდნენ.
თავდასხმის დროს ეძგვერაძესთან ერთად მეგობრები იმყოფებოდნენ და მათაც სცემეს. მისი თქმით, მათ მოულოდნელად ათობით ადამიანი დაესხა თავს.
ზარნაძე ფორმულასთან უარყოფს, რომ თავდასხმა მასსა და ეძგვერაძეს შორის დაპირისპირებას უკავშირდება და ამბობს, რომ მომხდარი ძალადობის შესახებ პირველად ესმის.
მომხდარის შემდეგ ეძგვერაძის სახლთან ნაციონალური მოძრაობის წევრები მივიდნენ. პოლიციამ დაპირისპირების დროს ადმინისტრაციული წესით ენმ-ს სამი წევრი დააკავა. დაკავებულები არიან ნიკა მელია, ბაჩო დოლიძე და ზვიად კუპრავა.
ამასთან, შსს-ში აცხადებენ, რომ ეძგვერაძის მხარდამჭერებთან დაპირისპირების შედეგად პოლიციის თანამშრომლებს სხეულზე დაზინებები აღენიშნებათ და გამოძიება პოლიციელზე თავდასხმის მუხლით დაიწყეს.
უწყებამ საკრებულოს დეპუტატისა და მისი მეგობრების ჯგუფურად ცემის ბრალდებით 6 პირი დააკავა - დანაშაული 2 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.