logo
ENG



კვლევა: ახალგაზრდების დაახლოებით მესამედს საზღვარგარეთ 1-დან 5 წლამდე წასვლის სურვილი აქვს

26 სექ 202318:10
3 წუთის საკითხავი
clock 1326
2023/09/26/xidkgy16wdwhlju.jpg

ფრიდრიხ ებერტის ფონდის (FES) კვლევის თანახმად, ახალგაზრდების დაახლოებით ერთი მესამედი საზღვარგარეთ ერთიდან ხუთ წლამდე წასვლის სურვილს გამოთქვამს. კვლევის მიხედვით, ახალგაზრდები საზღვარგარეთ ცხოვრების სურვილს ორი ძირითადი მიზეზით ხსნიან: უფრო მაღალი ხელფასები (57%) და უკეთესი განათლება (45%).

კვლევის ანგარიშში ვკითხულობთ, რომ ფოკუს-ჯგუფებში დისკუსიის დროს ახალგაზრდებმა ემიგრაცია ქვეყნის წინაშე არსებულ ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან გამოწვევად დაასახელეს და აღნიშნეს, რომ ახალგაზრდები ქვეყანას, ძირითადად, ქვეყანაში არსებული ეკონომიკური სიდუხჭირის გამო ტოვებენ.

"სხვა მიზეზებს შორის დასახელდა განათლების დაბალი დონე და პიროვნული განვითარებისა ან რაიმეს მიღწევის შესაძლებლობების სიმწირე. ახალგაზრდები აცხადებენ, რომ მათ საქართველოდან წასვლა უკეთესი განათლების მიღებისა და უკეთესი ცხოვრებისთვის სურთ", - აღნიშნულია კვლევის ანგარიშში.

კვლევის ანგარიშის მიხედვით, ახალგაზრდებისთვის ემიგრაციისთვის ყველაზე სასურველი მიმართულებებია ამერიკის შეერთებული შტატები, გერმანია და სხვა ევროპული ქვეყნები. 

"თუ შევაჯამებთ, ახალგაზრდების 52 პროცენტისთვის ევროპა ემიგრაციის ყველაზე სასურველი მიმართულებაა. ეთნიკურად ქართველ ახალგაზრდებთან შედარებით, ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებს მცირედით უფრო მეტად სურთ ისეთ მეზობელ ქვეყნებში სურთ გადასვლა, როგორიცაა სომხეთი, აზერბაიჯანი ან რუსეთი", - ნათქვამია ანგარიშში.

კვლევის მეთოდოლოგია

კვლევის მეთოდოლოგია შეიმუშავა გაერთიანებული სამეფოს კვლევითმა კომპანიამ R-Research Limited-მა, ფრიდრიხ ებერტის ფონდის სამხრეთ კავკასიის რეგიონული ოფისის დასკვეთით და მასთან კონსულტაციის საფუძველზე; საქართველოში 14-29 წლის ახალგაზრდების დამოკიდებულებების, აღქმებისა და მოსაზრებების შესწავლის მიზნით,  კვლევის მეთოდოლოგია მოიცავდა როგორც რაოდენობრივი, ისე თვისებრივი კვლევის მეთოდებს.

რაოდენობრივი მონაცემები მოგროვდა 2022 წლის 30 მაისიდან 2022 წლის 16 ივნისამდე პერიოდში. თბილისში დაფუძნებულმა კომპანიამ IPM Research-მა 14-29 წლის ახალგაზრდების წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე 1 206 რესპონდენტი გამოკითხა. რესპონდენტები შეირჩა სტრატიფიცირებული მრავალსაფეხურიანი  კლასტერული შერჩევის საფუძველზე.  რესპონდენტები შეირჩა ასაკობრივი და გენდერული კვოტის გათვალისწინებით. ინტერვიუების საშუალო ხანგრძლივობა 45 წუთს შეადგენდა,  სტანდარტული გადახრა კი 14,38 წუთი იყო.

კვლევა სრულად


close დახურვა