logo
ENG



"პოლიციელთა არაპროპორციული რაოდენობა აქციის მონაწილეებთან შედარებით" - HRC-ის ანგარიში

28 სექ 202312:28
3 წუთის საკითხავი
clock 963
"პოლიციელთა არაპროპორციული რაოდენობა აქციის მონაწილეებთან შედარებით" - HRC-ის ანგარიში
ფორმულა/ვახო ქარელი

ორგანიზაცია ადამიანის უფლებათა ცენტრი (Human Rights) აქციებზე მობილიზებული პოლიციელების რაოდენობისა და არაიდენტიფიცირებული პოლიციელების შესახებ მოკლე ანგარიშს აქვეყნებს. ორგანიზაციის მონიტორები 2023 წლის იანვრიდან აგვისტომდე პერიოდში, 10 საპროტესტო აქციას დააკვირდნენ.

ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ საანგარიშო პერიოდში, მონიტორების შეფასებით, "აქციების მიმდინარეობისას გამოიკვეთა, აქციის მონაწილეთა რაოდენობასთან შედარებით პოლიციელთა არაპროპორციული რაოდენობის მობილიზების ტენდენცია".

"არის შემთხვევები, როცა აქციის მონაწილეთა რაოდენობასთან შედარებით პოლიციელთა რაოდენობა თვალშისაცემად მეტია, ზოგჯერ კი პირიქით - იმდენად ნაკლებია, რომ პოლიცია ვერ ახერხებს საზოგადოებრივი წესრიგის და აქციის მონაწილეთა უსაფრთხოების უზრუნველყოფას - კერძოდ, მათ დაცვას ძალადობრივი განზრახვის მქონე კონტრდემონსტრანტებისგან. ამასთან, აქციებზე ფორმიან პოლიციელებთან ერთად წარმოდგენილი იყვნენ პოლიციელები სამსახურებრივი უნიფორმის გარეშე, რომელთა იდენტიფიცირებაც შეუძლებელი იყო", - აცხადებენ ორგანიზაციაში.

ორგანიზაციამ დეტალურად შეისწავლა ლაზარე გრიგორიადისის მამის, ბექა გრიგორიადისის მიერ ორგანიზებული აქციები, სადაც ანგარიშის მიხედვით, პოლიციელების რაოდენობა ზოგ შემთხვევაში 3-ჯერ აღემატებოდა მონაწილეთა რაოდენობას. ამის საპირისპიროდ, გია გაჩეჩილაძისა და ზაზა პაპუაშვილის მიერ ორგანიზებულ აქციაზე, სადაც 11 ათასამდე მოქალაქე იმყოფებოდა, მხოლოდ 100-მდე პოლიციელი იყო.

ანგარიშის თანახმად, არაპროპორციულად დიდი იყო პოლიციელების რაოდენობა პარლამენტთან სამოქალაქო ორგანიზაციების აქციის დროსაც, სახელწოდებით - "რუსეთი მტერია და არა სტუმარი". 

ორგანიზაციამ დაადგინა, რომ სამივე აქციაზე იმყოფებოდნენ უფორმო, არაიდენტიფიცირებადი პირები, რომლებსაც სხვა ფორმიან პოლიციელებთან ჰქონდათ კომუნიკაცია.

ადამიანის უფლებათა ცენტრის შეფასებით, პოლიციელთა არასათანადო რაოდენობის მობილიზების პრობლემა გამოიკვეთა 2023 წლის 8 ივლისს, პრაიდფესტივალის მიმდინარეობისასაც. 

ორგანიზაცია მიმართავს რეკომენდაციით შინაგან საქმეთა სამინისტროს:

  • ეფექტურად უზრუნველყოს ყველა მოქალაქის გამოხატვისა და შეკრების თავისუფლების დაცვა;
  • შეკრებისა და მანიფესტაციის მშვიდობიანად ჩატარების უზრუნველსაყოფად იხელმძღვანელოს კანონიერების, აუცილებლობისა და პროპორციულობის პრინციპებით;
  • შეკრებისა და მანიფესტაციის ფასილიტაციის პროცესში უზრუნველყოს ფორმიანი და იდენტიფიცირებადი პოლიციელების მონაწილეობა; 
  • შეკრებებისა და მანიფესტაციების დროს უზრუნველყოს პოლიციელთა პროპორციული რაოდენობის მობილიზება;
  • უზრუნველყოს მშვიდობიანი შეკრებების მონაწილეთა დაცვა ძალადობრივი კონტრდემონსტრანტებისგან.

close დახურვა