logo
ENG



დააკავეს 60 წლამდე კაცი, რომელსაც სექსუალურ ძალადობაში ადანაშაულებდნენ

30 სექ 202300:45
3 წუთის საკითხავი
 
2023/09/30/pmsusm0qbmiggbp.jpg

60 წლამდე კაცი, რომელსაც 2 გოგო სექსუალურ, ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ ძალადობაში ადანაშაულებდა, დააკავეს. ინფორმაციას ამის შესახებ ქალთა უფლებადამცველი ორგანიზაცია საფარის წარმომადგენელი, ბაია პატარაია ავრცელებს. 

რამდენიმე დღის წინ ფორმულასთან გოგოები ამბობდნენ, რომ ძალადობა 1 წლისა და 3 თვის განმავლობაში გრძელდებოდა და დამნაშავედ ერთსა და იმავე ადამიანს ასახელებდნენ. ამბობდნენ, რომ დაუკავშირდნენ პოლიციას, სადაც
ერთ-ერთის ჩვენების საფუძველზე სავარაუდო მოძალადეს შემაკავებელი ორდერი გამოუწერეს, მეორე გოგონას კი, მისივე თქმით, პოლიციელები არწმუნებდნენ, რომ განცხადება არ დაეწერა.

ასევე, აღნიშნავდნენ, რომ თავს უსაფრთხოდ არ გრძნობდნენ და უფლებადამცველებს დახმარებას სთხოვდნენ. რესპონდენტების ინფორმაციით, სავარაუდო მოძალადე თავდაპირველად გოგონებს Facebook-ით გაეცნო, როგორც უფროსი მეგობარი, შემდეგ კი, მათი თქმით, რეგულარულად აიძულებდა სექსუალურ მომსახურებას, სთავაზობდა ნარკოტიკებს, წინააღმდეგობის გაწევის შემთხვევაში კი, სცემდა და პირადი შინაარსის მქონე ვიდეომასალების გავრცელებით აშინებდა.

ფორმულას მხრიდან სამართალდამცველებთან კომუნიკაციის შემდეგ, გამომძიებელი ერთ-ერთ სავარაუდო მსხვერპლს დაუკავშირდა და მოწმის სახით, პოლიციაში დაიბარა.

როგორც ერთ-ერთი სავარაუდო მსხვერპლი ფორმულასთან აცხადებს, კიდევ ბევრი არასრულწლოვანია, რომლის მიმართაც, სავარაუდო მოძალადე მსგავსი სახის ურთიერთობებს ამყარებს.

ძალადობის სავარაუდო მსხვერპლი გოგოები აღნიშნავდნენ, რომ აქვთ ყველა მტკიცებულება, საიდანაც დასტურდება, რომ სავარაუდო მოძალადე მხოლოდ მათზე არ ძალადობდა და ქვეყნის მასშტაბით ათეულობით არასრულწლოვანი მსხვერპლი ჰყავს. რესპონდენტები შიშობენ, რომ სავარაუდო მოძალადეს, მისი ფინანსური რესურსებიდან გამომდინარე, პოლიციაში გავლენიანი ნაცნობები ჰყავს.

ფორმულა სავარაუდო მოძალადეს დაუკავშირდა, რომელმაც ნაწილობრივ დაადასტურა ინფორმაცია, რაც 2-მა გოგომ ჩვენთან საუბარში მოჰყვა, თუმცა აცხადებს, რომ ისინი არიან თაღლითები და პოლიციამ მხოლოდ მისთვის შემაკავებელი ორდერის გამოწერა მიიჩნია საჭიროდ.

 

 

 

close დახურვა