logo
ENG



ტურავა: პრეზიდენტის დასწრება სამართლებრივად კარგია, დაგვეხმარება დასკვნის ჩამოყალიბებაში

02 ოქტ 202314:17
3 წუთის საკითხავი
 

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე, მერაბ ტურავა ამბობს, რომ ხვალ იმპიჩმენტის წარდგინების არსებით განხილვაზე პრეზიდენტის დასწრება კარგი იქნება, რადგან ეს მათ დასკვნის ჩამოყალიბებაში დაეხმარებათ.

ის აღნიშნავს, რომ სასამართლოს შეუძლია, პროცესზე დასწრება პრეზიდენტის უარის მიუხედავად მოითხოვოს, თუმცა ვარაუდობს, რომ ამის საჭიროება არ იქნება.

"პრეზიდენტის დასწრება არის სამართლებრივად კარგი, დაგვეხმარება დასკვნის ჩამოყალიბებაში, სასამართლომ უნდა დაადგინოს ადგილზე, თუ რამდენად სრულყოფილი იქნება სასამართლო განხილვა საქართველოს პრეზიდენტის მონაწილეობის გარეშე, რამეთუ არის საკითხები კონსტიტუციასთან მიმართებაში, რომელზე პასუხებიც მხოლოდ საქართველოს პრეზიდენტს ჰქონდეს.

სასამართლო უფლებამოსილია, რა თქმა უნდა, დამატებით, ასევე, პრეზიდენტის ნების საწინააღმდეგოდაც კი მოითხოვოს მისი პროცესზე დასწრება, მაგრამ ამ შემთხვევაში, ვფიქრობთ, რომ ასეთს ადგილი არ ექნება", - განაცხადა ტურავამ.

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო პრეზიდენტის იმპიჩმენტის საკითხის წარდგინებას ზეპირი მოსმენით ხვალ, 3 ოქტომბერს განიხილავს. ჯერჯერობით უცნობია, დაესწრება თუ არა სალომე ზურაბიშვილი განხილვას. არსებითი განხილვა 12:00 საათზე ჩაინიშნა.

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე მერაბ ტურავამ ფორმულასთან 22 სექტემბერს განაცხადა, რომ სხდომა, შესაძლოა, მეორე დღესაც გაგრძელდეს.

"ვფიქრობთ, რომ 3 ოქტომბერს დავიწყოთ განხილვა და ალბათ, ერთ დღეში დავამთავრებთ, ან, შეიძლება, 4 ოქტომბერსაც გაგრძელდეს. საოქმო ჩანაწერი გამოვაქვეყნეთ და როგორც ავტორები, ასევე, პრეზიდენტი და მთავრობა იქნებიან მოწვეული სხდომაზე", - განაცხადა მან.

პირველ სექტემბერს ცნობილი გახდა, რომ ქართული ოცნება სალომე ზურაბიშვილის წინააღმდეგ იმპიჩმენტის პროცედურას იწყებს. მიზეზად პარტიაში მთავრობის უარის მიუხედავად, პრეზიდენტის ევროპაში გამგზავრება დაასახელეს, რითაც მან  "უხეშად დაარღვია კონსტიტუცია". 

ამას წინ უსწრებდა პრეზიდენტის ევროპაში ვიზიტი, სადაც ის საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭების მხარდასაჭერად ევროპელ ლიდერებს შეხვდა. 

30 აგვისტოს საქართველოს მთავრობამ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის ევროპაში ვიზიტის პარალელურად განცხადება გამოაქვეყნა და აღნიშნა, რომ მას ყველა მოთხოვნილ ვიზიტზე უარი უთხრეს, მათ შორის, უკრაინაში.


close დახურვა