logo
ENG



სალომე ზურაბიშვილმა ოთარ ფარცხალაძეს საქართველოს მოქალაქეობა შეუწყვიტა

17 ოქტ 202320:07
3 წუთის საკითხავი
 

პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა აშშ-ის მიერ სანქცირებულ და რუსეთის აგენტობაში მხილებულ ოთარ ფარცხალაძეს მოქალაქეობა შეუწყვიტა. ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ადასტურებს. 

ადმინისტრაციაში ამბობენ, რომ პრეზიდენტმა ოთარ ფარცხალაძისთვის მოქალაქეობის შეწყვეტაზე ბრძანებულებას პარლამენტში იმპიჩმენტის პროცედურის დაწყებამდე მოაწერა ხელი.

***

14 სექტემბერს აშშ-მა ყოფილ მთავარ პროკურორს, ოთარ ფარცხალაძეს უკრაინაში მიმდინარე ომის კონტექსტში სანქციები დაუწესა. სახელმწიფო დეპარტამენტში აღნიშნეს, რომ რუსეთს უსაფრთხოების ფედერალური სამსახური ფარცხალაძეს ქართულ საზოგადოებასა და პოლიტიკაზე რუსეთის სასარგებლოდ გავლენის მოსახდენად იყენებდა. 

18 სექტემბერს, სანქცირებულ ოთარ ფარცხალაძეს მის საკუთრებაში არსებულ საბანკო ანგარიშებზე წვდომა შეეზღუდა, თუმცა 19 სექტემბერს ბანკმა სანქციათა რეჟიმების შესრულების წესში ცვლილება შეიტანა. ცვლილების მიხედვით, სანქციები აღსრულდება საქართველოს მოქალაქეზე ან საქართველოში რეგისტრირებულ იურიდიულ პირზე, თუ მის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების საფუძველთან დაკავშირებით საქართველოს სასამართლო გამამტყუნებელ განაჩენს გამოიტანს.

20 სექტემბერს, სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტომ მიზანშეწონილად მიიჩნია ოთარ ფარცხალაძისთვის საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტა

22 სექტემბერს პრეზიდენტმა განაცხადა, რომ სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარე, ამ ეტაპზე ფარცხალაძეს მოქალაქეობას არ უწყვეტს. ზურაბიშვილის თქმით, მიიჩნევს, რომ ყოფილი გენერალური პროკურორი თუ დასასჯელია, ის უნდა დაისაჯოს, როგორც საქართველოს მოქალაქე. 

***

ოთარ ფარცხალაძე საქართველოს გენერალური პროკურორის თანამდებობას 2013 წლის 7 ნოემბრიდან 30 დეკემბრამდე იკავებდა. 

ფარცხალაძისთვის სანქციები დაწესებულია უკრაინაში ომის გამო რუსეთისთვის დაწესებული სანქციების ფარგლებში. სახელმწიფო დეპარტამენტის დოკუმენტში ფარცხალაძე "ქართველ-რუს ოლიგარქად" არის მოხსენიებული და წერია, რომ რუსეთის ეკონომიკის მართვის საკონსულტაციო სექტორში საქმიანობს.

სანქციების ქვეშ მოყვა ალექსანდრ ონიშენკო, რომელიც რუსეთის უსაფრთხოების სამსახურის (FSB) ოფიცერია, რომელიც, სავარაუდოდ, ფარცხალაძეს რუსული პასპორტისა და მოქალაქეობის მიღებაში დაეხმარა.

რაც შეეხება ოთარ ფარცხალაძის მოქალაქეობას, არსებული ინფორმაციით, მას რუსეთის მოქალაქეობა აქვს მიღებული. ამაზე საუბრობს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტიც.

საქართველოში არსებული კანონმდებლობის თანახმად, სხვა ქვეყნის მოქალაქეობის მიღების შემთხვევაში, მას ავტომატურად უნდა დაეკარგა საქართველოს მოქალაქეობა.

 

 


close დახურვა