logo
ENG



ზურაბიშვილმა ე.წ. კარვების კანონს ვეტო დაადო

17 ოქტ 202320:06
3 წუთის საკითხავი
 
2023/10/17/xebtursbm4fn48z.jpeg

საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ კანონს ვეტო დაადო. ამის შესახებ ინფორმაცია პრეზიდენტის ადმინისტრაციამ გაავრცელა.

"საქართველოს პრეზიდენტმა, პარლამენტში იმპიჩმენტის პროცედურის დაწყებამდე, ხელი მოაწერა ოთარ ფარცხალაძისათვის საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტის ბრძანებულებას და ვეტო დაადო შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ კანონში შეტანილ ცვლილებებს, როგორც კიდევ ერთ ანტიევროპულ კანონს", - აღნიშნავენ ადმინისტრაციაში.

პარლამენტის პლენარულ სხდომაზე შეკრებისა და მანიფესტაციის კანონში ცვლილებები მე-3 მოსმენით 5 ოქტომბერს მიიღეს. შეკრებისა და მანიფესტაციების შესახებ კანონპროექტში ცვლილებებს პარლამენტში ორი დღის განმავლობაში დაჩქარებული წესით განიხილავდნენ.

ცვლილებების მიხედვით, საპროტესტო აქციებზე კარვებისა და დროებითი კონსტრუქციების მოწყობა აიკრძალება "თუ მისი მოწყობა საფრთხეს უქმნის შეკრების, ან მანიფესტაციის მონაწილეებს ან სხვა პირებს; ხელს უშლის პოლიციის მიერ საზოგადოებრივი წესრიგისა და უსაფრთხოების დაცვას; იწვევს საწარმოს, დაწესებულების ან ორგანიზაციის ნორმალური ფუნქციონირების შეფერხებას; შეკრების ან მანიფესტაციის ჩატარებას არ უკავშირდება". დაუმორჩილებლობის შემთხვევაში ჯარიმა 500 ლარია, ხოლო მკაცრი მიდგომისას 15 დღემდე თავისუფლების აღკვეთაა.

კანონპროექტში ოცნების დეპუტატები აზუსტებენ, რომ თუ კანონდამრღვევი ორგანიზატორი აღმოჩნდება, მაშინ მას დანაშაულის გამოსყიდვა მეტად მკაცრი - 5 000 ლარიანი ჯარიმით ან 15-დღიანი პატიმრობით მოუწევს.

კანონპროექტის განმარტებით ბარათში რეგულაციების გამკაცრების მიზეზად 18 სექტემბერს, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ გაკეთებული განცხადებაა მოყვანილი. სუს-ის მტკიცებით, გარკვეული ჯგუფები საქართველოში "ოქტომბერ-დეკემბერში დესტაბილიზაციას და ე.წ. კარვების ქალაქის გაშენებას გეგმავდნენ".

კანონპროექტის ავტორი და ინიციატორები არიან ქართული ოცნების დეპუტატები: ანრი ოხანაშვილი, ირაკლი ბერაია, გივი მიქანაძე, რატი იონათამიშვილი, ირაკლი შატაკიშვილი, თენგიზ შარმანაშვილი და ალექსანდრე ტაბატაძე.

არასამთავრობო ორგანიზაციები და ოპოზიციის წარმომადგენლები კანონპროექტს აკრიტიკებენ და აცხადებენ, რომ კანონის მიღების შემთხვევაში სამოქალაქო უფლებები კიდევ უფრო შეიზღუდება.


close დახურვა