logo
ENG



მე-11 საჯარო სკოლის მოსწავლეთა ნაწილი და მშობლები სკოლის აშენების მოთხოვნით აქციას მართავენ

23 ოქტ 202314:10
3 წუთის საკითხავი
 

თბილისში, მე-11 საჯარო სკოლის მოსწავლეთა ნაწილი და მათი მშობლები საპროტესტო აქციას მართავენ. ისინი სკოლის აშენებას ითხოვენ, რომელიც ხელისუფლებამ 3 წლის წინ იმ პირობით დაანგრია, რომ თანამედროვე სტანდარტებით ააშენებდა.

ცოტა ხნის წინ, მე-11 საჯარო სკოლის ტერიტორიაზე, ცოტნე დადიანის ქუჩაზე მშობლებმა და მოსწავლეებმა საავტომობილო გზა გადაკეტეს. ისინი აცხადებენ, რომ მათ შვილებს განათლების მიღება რთულ პირობებში უწევთ.

მშობლები სხვადასხვა პრობლემებზე საუბრობენ, კერძოდ, მათი თქმით, შემცირებულია საგაკვეთილო პროცესის ხანგრძლივობა, მოსწავლეები გადანაწილებულები არიან სხვადასხვა სკოლებში, რაც შორ მანძილზეა და მოსწავლეებს უხდებათ, სასწავლო პროცესში მეორე ცვლაში ჩაერთონ.

"სამი წელია ბავშვები დაგვყავს თემქაზე და გვინდა, რომ სკოლა აგვიშენონ. გვატყუებენ ყოველ წელს, რომ შენდება, მაგრამ არავინ ჩანს, არც აშენების პირი უჩანს და ამიტომ გამოვხატეთ პროტესტი", - განაცხადა ერთ-ერთმა მშობელმა ფორმულასთან საუბრისას.

მშობელთა ნაწილი აცხადებს, რომ პროტესტს გააგრძელებენ იქამდე, სანამ არ დაიწყება ტერიტორიაზე ახალი სკოლის მშენებლობა.

"გავაგრძელებთ პროტესტს. არ გვინდოდა ეს ფორმა, არ ფორმით გამოგვეხატა პროტესტი, მაგრამ ჰქონდათ ინფორმაცია, არ მოვიდა არც დირექცია, არც განათლების სამინისტროდან, არც მერიიდან წარმომადგენელი. გვაიძულეს, რომ ამ ფორმით გამოგვეხატა პროტესტი. არ გვიგდებენ ყურს. არ დავიშლებით, სანამ არ დაიწყება სკოლის მშენებლობა", - ამბობს ერთ-ერთი მშობელი.


close დახურვა