5თვიანი რთული საცდელი მაუწყებლობის შემდეგ, „ფორმულაზე“ განვითარების ახალი ეტაპი იწყება. 9 მარტი ტელეკომპანია „ფორმულას“ კიდევ ერთი მნიშვნელოვანი თარიღია. ახლადშექმნილ ტელევიზიას სტატუსი "საცდელი" მოეხსნება და სრულფასოვან და კიდევ უფრო საპასუხისმგებლო მაუწყებლობაზე გადავა.
9 მარტიდან ახალ ამბებს „ფორმულაზე“, ერთის ნაცვლად, ორი მთავარი მთხრობელი ეყოლება. მაყურებელი, არხის მთავარი საინფორმაციო გამოშვების წამყვან ელისო ჯარიაშვილთან ერთად, ეკრანზე ლევან ლომინაძეს ნახავს. ლევან ლომინაძე 15 წელია, „ფორმულა კრეატივში“ მუშაობს, თუმცა ეკრანზე მისი დებიუტი ხვალ, საღამოს 8 საათზე შედგება.
ახალი სატელევიზიო ეთერი „ფორმულაზე“ განახლებულ სტუდიაში იმ ადგილიდან დაიწყებს მაუწყებლობას, საიდანაც „ფორმულას“ ჟურნალისტების დიდი ნაწილის სატელევიზო კარიერა ჩამოყალიბდა.
მაღალტექნოლოგიური ნიუსრუმი და საინფორმაციო სამსახურის განახლებული სტუდია ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი სიახლეა ამ არხზე. ტექნიკური გადაიარაღების გარდა, „ფორმულას“ გუნდი ყოველდღე იფიქრებს იმაზე, რა საინტერესო ხერხით მოგიყვეთ ამბავი შემთხვევის ადგილიდან ყველაზე პირველმა.
ტექნიკურად გადაიარაღებულ თანამედროვე საერთაშორისო სტანდარტების მქონე მედიაპლატფორმას ექნება ყოველდღიური, სანდო საინფორმაციო გამოშვებები. „ფორმულა“ ისევ იქნება ყველგან, სადაც ეს ამ ქვეყნის მოქალაქეებს სჭირდებათ - დამოუკიდებელი და კეთილსინდისიერი სარედაქციო პოლიტიკით.
9 მარტსვე, განახლებული საინფორმაციო გადაცემის გარდა, არხზე ახალი ვებპლატფორმა და აპლიკაცია გაჩნდება, რაც იმას ნიშნავს, რომ მაყურებელს მთელ მსოფლიოში საკუთარი ტელეფონიდან მაღალი ხარისხით შეუძლია უყუროს „ფორმულას“.
ცხელი პოლიტიკური პროცესის და კრიტიკული მედიის შეზღუდვის პირობებში 2019 წელს 5 ოქტომბერს გახსნილი ტელევიზია საცდელ მაუწყებლობას ხვალ დაასრულებს.