logo
ENG



ALDE და Liberal International: დაუყოვნებლივ გაუქმდეს ეს კანონი, საჭიროება არ არსებობს

08 მარ 202321:48
3 წუთის საკითხავი
 
ALDE და Liberal International: დაუყოვნებლივ გაუქმდეს ეს კანონი, საჭიროება არ არსებობს

პარტია ALDE (ლიბერალ-დემოკრატიული ალიანსი ევროპისთვის) და Liberal International გუშინ მშვიდობიანი მომიტინგეების მიმართ ძალადობას გმობენ და ხელისუფლებას მოუწოდებენ, აქციაზე დაკავებული მოქალაქეები, მათ შორის გირჩი - მეტი თავისუფლების ლიდერი, ზურაბ ჯაფარიძე გაათავისუფლონ.

ერთობლივ განცხადებაში აღნიშნულია ისიც, რომ რუსული კანონი შეუთავსებელია ევროპულ ღირებულებებთან და ლიბერალურ დემოკრატიულ იდეალებთან.

"ჩვენი მოწოდებაა, დაუყოვნებლივ გაუქმდეს ეს კანონი, რომლის საჭიროებაც არ არსებობს და რომელიც ემუქრება საქართველოს დემოკრატიულ განვითარებასა და ქვეყნის ევროპულ და ევროატლანტიკურ მისწრაფებებს.

ჩვენი მოწოდებაა, სასწრაფოდ გათავისუფლდნენ საპროტესტო აქციების დროს დაკავებულები, მათ შორის ჩვენი წევრი პარტიის, გირჩი - მეტი თავისუფლების ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე, რომელიც დააკავეს, პატიმრობაში სცემეს და რომელიც საჭიროებს სასწრაფო სამედიცინო დახმარებას. მოვითხოვთ საქართველოს ხელისუფლებისგან, თავი შეიკავოს შემდგომი ძალადობისგან და პატივი სცეს პროტესტის უფლებას.

ჩვენ ვდგავართ ათასობით ადამიანთან ერთად თბილისის ქუჩებში, ვდგავართ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან ერთად და მხარს ვუჭერთ ქართველი ხალხის სურვილს, ეძიოს ევროპულ მომავალს თავისი ქვეყნისთვის. ჩვენ ვწუხვართ, რომ ხელისუფლების ასეთი პროვოკაციები მიზნად ისახავს ამ მისწრაფებებისთვის ძირის გამოთხრას და საქართველოს კიდევ უფრო აშორებს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსისგან", - აღნიშნულია განცხადებაში.

ქართულმა ოცნებამ 7 მარტს "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის" შესახებ კანონი პირველი მოსმენით მიიღო. 

პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე 7 მარტს დილის 09:30 საათიდან შეიკრიბნენ მოქალაქეები, რომლებიც რუსული კანონის განხილვას აპროტესტებდნენ. აქტივისტები მას შემდეგ დაიშალნენ, რაც ცნობილი გახდა, რომ კანონს 9 მარტს განიხილავდნენ. თუმცა მამუკა მდინარაძის ინიციატივით, კანონი პლენარულ სხდომაზე ხუთშაბათის ნაცვლად გუშინვე განიხილეს.

განხილვის დაწყებისთანავე მოსახლეობა კვლავ პარლამენტთან შეიკრიბა. მას შემდეგ, რაც ოცნებამ, პირველი მოსმენით, რუსული კანონპროექტის მიღებას მხარი დაუჭირა ტერიტორიაზე ვითარება გამწვავდა.

პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე, მათ შორის სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ეზოში სპეცრაზმი იყო მობილიზებული. ასევე, მობილიზებული იყო წყლის ჭავლის მანქანა.

აქტივისტების რაოდენობის გაზრდის შემდეგ, პოლიციამ მათ წინააღმდეგ ცრემლმდენი გაზის გამოყენება დაიწყო, ასევე გაუშვა წყლის ჭავლი. 

პროტესტის პარალელურად, შინაგან საქმეთა სამინისტრომ არაერთი განცხადება გაავრცელა და ირწმუნებოდა, რომ აქციაზე, სადაც მოქალაქეებს არბევდნენ, "პროპორციული ძალა გამოიყენეს".

ამ დროის მონაცემებით, ჯამში 76 მოქალაქეა დაკავებული, მათ შორის გირჩი - მეტი თავისუფლების ლიდერი, ზურაბ ჯაფარიძე. ადვოკატის ცნობით, ჯაფარიძე ნაცემია და ხელკეტების რტყმისგან დაზიანებები აქვს თავზე.


close დახურვა