logo
ENG



AP-დან დაითხოვეს რეპორტიორი, ვინც პოლონეთში ჩავარდნილ რაკეტებზე მცდარი ინფორმაცია გაავრცელა

22 ნოე 202216:16
3 წუთის საკითხავი
 
2022/11/22/otakdart2v3bt3w.jpg

Associated Press-მა გაათავისუფლა რეპორტიორი, რომელმაც პოლონეთში რაკეტების ჩავარდნის შესახებ მცდარი ინფორმაცია გაავრცელა. ამის შესახებ ინფორმაციას The Washington Post მედიის წარმომადგენლებზე დაყრდნობით ავრცელებს და აღნიშნავს, რომ ეროვნული უსაფრთხოების საკითხების რეპორტიორი, ჯეიმს ლაპორტა მედიამ სამსახურიდან მცირე გამოძიების შემდეგ დაითხოვა.

15 ნოემბერს პოლონეთის ტერიტორიაზე, უკრაინის საზღვართან ახლოს მდებარე ქალაქში 2 რაკეტა ჩამოვარდა - რამდენიმე საათის შემდეგ, Associated Press-მა ანონიმურ წყაროზე დაყრდნობით ინფორმაცია გაავრცელა, სადაც ნათქვამი იყო, რომ "აშშ-ის დაზვერვის მაღალჩინოსნის თქმით, რუსული რაკეტები NATO-ს წევრ პოლონეთში ჩამოვარდა და ორი ადამიანი იმსხვერპლა".

შემთხვევასთან დაკავშირებით, პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა რუსეთის ელჩი დაიბარა და "მოითხოვა სასწრაფო, დეტალური განმარტებები". რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ უარყო შემთხვევასთან კავშირი და განაცხადა, რომ გავრცელებული ცნობები "მიზანმიმართული პროვოკაციაა ესკალაციის მიზნით".

როგორც მოგვიანებით ოფიციალურმა პირებმა დაადასტურეს, ეს ინფორმაცია მცდარი იყო. პოლონეთის პრეზიდენტმა ანდჟეი დუდამ განაცხადა, რომ "დიდი ალბათობით" პოლონურ სოფელში რაკეტების აფეთქება უკრაინის საჰაერო თავდაცვით იყო გამოწვეული, რაც "შემთხვევითობა იყო". მსგავსი განცხადება გააკეთეს აშშ-შიც და საბოლოო პასუხისმგებლობა რუსეთს დააკისრეს.

რაც შეეხება უკრაინას, საჰაერო თავდაცვის სპიკერმა თქვა, რომ ეს უკრაინის მხრიდან რუსეთის სარაკეტო თავდასხმის მოგერიება იყო და უნდა დადგინდეს აფეთქება რუსული რაკეტის ჩავარდნამ გამოიწვია, თუ ადგილზე უკრაინული რაკეტის ნარჩენებიც იყო.

პრეზიდენტმა ზელენსკიმ კი განაცხადა, რომ უკრაინას სურს დაადგინოს ყველა ფაქტი იმ რაკეტის ირგვლივ, რომელიც პოლონეთში დაეცა, ამიტომ საგამოძიებო ჯგუფში უკრაინელი ექსპერტების ჩართვა მოითხოვა.


close დახურვა