ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო ორგანიზაცია, Amnesty International მთავარი არხის გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას დაკავებას ეხმაურება და აღნიშნავს, რომ გვარამიას განაჩენი პოლიტიკური მოტივით ხმის ჩახშობაა.
ორგანიზაციის განცხადებაში აღნიშნულია, რომ ნიკა გვარამია სასწრაფოდ უნდა გათავისუფლდეს.
"ნიკა გვარამიას განაჩენი არის პოლიტიკურად მოტივირებული დევნის უხეში ქმედება მისი განსხვავებული შეხედულებებისა და ხელისუფლების კრიტიკის საპასუხოდ. მას გისოსებს მიღმა წლების გატარება ემუქრება, რადგან მთავრობა აძლიერებს ძალისხმევას განსხვავებული ხმების ჩასახშობად. ნიკა გვარამია სასწრაფოდ უნდა გათავისუფლდეს.
Amnesty International ღრმად შეშფოთებულია ამ საქმის უკან არსებული პოლიტიკური მოტივებით, რომლებიც შექმნილია გამოხატვის თავისუფლების ჩასახშობად. ორგანიზაცია შეშფოთებულია, რომ საქმეში არ არსებობდა ბრალის წარსადგენად საკმარისი დანაშაული, რაც საერთაშორისო გამჭვირვალობამ, ასევე სახალხო დამცველმა დაადასტურა, რომელიც უშუალოდ აკვირდებოდა სასამართლო პროცესს.
ნიკა გვარამიას დამნაშავედ ცნობა ხაზს უსვამს მზარდ შეშფოთებას საქართველოში მედიის თავისუფლების გაუარესებაზე და ავლენს ხელისუფლების მზარდ გავლენას სასამართლოზე რიგ საქმეებში, რომლებიც მიზნად ისახავს მათი კრიტიკოსებისა და ოპონენტების დათრგუნვას", - აღნიშნულია ორგანიზაციის განცხადებაში.
16 მაისს თბილისის საქალაქო სასამართლომ მთავარი არხის გენერალური დირექტორი, ნიკა გვარამია დამნაშავედ ცნო და 3 წლითა და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯა.
პროკურატურა მთავარი არხის დამფუძნებელს ნიკა გვარამიას ჯერ კიდევ რუსთავი 2-ის დირექტორობის დროს, ტელეკომპანიის კუთვნილი ქონების დიდი ოდენობით გაფლანგვას, კომერციულ მოსყიდვას, ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადებასა და გამოყენებას, ასევე უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციას ედავებოდა.