logo
ENG



Axios: ირანი ისრაელს კონფლიქტში ჩარევის შესახებ აფრთხილებს, თუ ღაზაზე იერიში გაგრძელდება

15 ოქტ 202301:29
3 წუთის საკითხავი
 
2023/10/15/q63pyo86k8g3j45.png

ირანმა გაეროს მეშვეობით ისრაელს შეატყობინა, რომ ღაზის სექტორში ისრაელის ოპერაციის გაგრძელების შემთხვევაში თეირანს კონფლიქტში ჩარევა მოუწევს. ინფორმაციას Axios-ი ორ დიპლომატიურ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.

Axios-ის ცნობით, 14 ოქტომბერს, ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი ჰუსეინ ამირ აბდოლაჰანი ახლო აღმოსავლეთში გაეროს წარმომადგენელს, ტორ ვენესლანდს ბეირუთში შეხვდა.

მედია წერს, რომ გაეროს წარმომადგენელმა ირანელ მინისტრს მოუწოდა ღაზასა და ისრაელს შორის კონფლიქტის დარეგულირებაში დახმარებოდა, რათა დაპირისპირება ახლო აღმოსავლეთის მთელ რეგიონში არ გავრცელდეს.

როგორც Axios-ი იტყობინება, ირანის საგარეო მინისტრმა შეხვედრისას აღნიშნა, რომ ოფიციალურ თეირანს არ სურს კონფლიქტი რეგიონულ ომში გადაიზარდოს და სურს მშვიდობიანი მოქალაქეების გათავისუფლებაში დაეხმაროს, რომლებიც ჰამასს მძევლად ჰყავს აყვანილი. ამასთან, ამირ აბდოლაჰანმა აღნიშნა, რომ ირანს თავის წითელი ხაზები აქვს.

"მინისტრის თქმით, თუ ისრაელის სამხედრო ოპერაცია გაგრძელდება და განსაკუთრებით თუ ისრაელი შეასრულებს თავის პირობას განახორციელოს შეტევა ღაზაზე [იგულისხმება 24-საათიანი ულტიმატუმი] - ირანი იძულებული გახდება კონფლიქტში ჩაერიოს", - წერს Axios-ი.

მედიის ინფორმაციით, შეხვედრის დასრულების შემდეგ გაეროს წარმომადგენელმა ეს ინფორმაცია ისრაეილის ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში მრჩეველს ცახი ჰანეგბის და სხვა ოფიციალურ პირებს გადასცა.

***

7 ოქტომბერს ღაზის სექტორიდან ისრაელის მიმართულებით ათობით რაკეტა გაუშვეს. ქვეყნის მასშტაბით განგაშის სირენები ამოქმედდა. თავდასხმაზე პასუხისმგებლობა პალესტინურმა დაჯგუფება ჰამასმა აიღო და თქვა, რომ 20 წუთში 5 000 რაკეტა გამოიყენეს.  

გავრცელებულ შეტყობინებაში, ჰამასის სამხედრო მეთაურმა, მოჰამედ დეიფმა ამას ოპერაცია "ალ-აკსას წარღვნა" უწოდა და პალესტინელებს შეერთებისკენ მოუწოდა.

ისრაელის შეიარაღებულმა ძალებმა ჰამასის წინააღმდეგ საპასუხო დარტყმები განახორციელეს - მათ სამხედროების მობილიზება დაიწყეს და "საომარი მდგომარეობის" შესახებ გაფრთხილება გამოაცხადეს. 

ისრაელის პრემიერმინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ ამას ომი უწოდა - მისი თქმით, წინ ხანგრძლივი ბრძოლა ელით, თუმცა ისრაელი ომს მოიგებს, ხოლო ჰამასი პასუხს აგებს ამ ქმედებებისთვის.


close დახურვა