logo
ENG



BASSIANI: 14-15 იანვარს იქნება ბოლო საკლუბო ღამეები, შემდეგ დაველოდებით ომიკრონის დინამიკას

13 იან 202222:07
3 წუთის საკითხავი
 
2022/01/13/9vgxfql798nasmc.jpg

BASSIANI-ის ინფორმაციით, ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის გათვალისწინებით, 14 და 15 იანვრის დაგეგმილი საკლუბო ღამეები ამ ეტაპისთვის, იქნება ბოლო, რომელიც მათ სივრცეში გაიმართება.

"სამწუხაროდ, შემდეგი პერიოდის განმავლობაში მოგვიწევს დაველოდოთ ქვეყანაში Covid-19-ის ახალი შტამის, ომიკრონის გავრცელების დინამიკას და მის წინააღმდეგ ბრძოლის ახალ, ქმედით საშუალებებს, რაც შესაძლებლობას მოგვცემს მომდევნო თვეების დაგეგმვის შესახებ გადაწყვეტილება მხოლოდ საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის გათვალისწინებით მივიღოთ.

BASSIANI/HOROOM ყოველთვის იდგა პასუხისმგებლობის მქონე, ზრუნვასა და უსაფრთხო სივრცის იდეაზე და დარწმუნებული ვართ, რომ ამ იდეის მნიშვნელობა გააზრებული აქვს კლუბის ერთგულ სტუმრებსა და გულშემატკივრებს.

ყველას გისურვებთ ჯანმრთელობას და იმედს ვიტოვებთ, რომ მალე შევხვდებით", - წერია განცხადებაში. 

***

შეგახსენებთ, უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, 31 დეკემბერს და პირველ იანვარს ღამის კლუბებს სტუმართა შეზღუდული რაოდენობით და გამკაცრებული რეგულაციებით ღონისძიებების გამართვის ნებართვა მიეცათ.

ასევე, საკოორდინაციო საბჭომ 22 დეკემბერს კლუბების გახსნის გადაწყვეტილება არ მიიღო. საბჭოს წარმომადგენელმა გიორგი ღიბრაძემ განაცხადა, რომ მიზეზი ომიკრონის შტამის გავრცელებაა.

17 დეკემბერს შრომის ინსპექციამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ღამის კლუბებში ღონისძიებების გამართვა ნებადართული არ არის. მანამდე კი ცნობილი იყო, რომ ღამის კლუბები მუშაობას 17 დეკემბერს განაახლებდნენ.

22 დეკემბერს კულტურისა და შემოქმედებითი ინდუსტრიების ერთობის წარმომადგენელმა, დავით ლეჟავამ ფორმულას ეთერში თბილისის ელექტრონული მუსიკისა და საკლუბო სცენის წარმომადგენლების განცხადება წაიკითხა და თქვა, რომ კლუბები მუშაობას იმ პროტოკოლის მიხედვით გააგრძელებენ, რომელიც მათ შესაბამის უწყებებთან შეიმუშავეს.

23 დეკემბერს თბილისის სცენის წარმომადგენლებმა თქვეს, რომ წვეულებების გაუქმების მიზნით, შესაბამისმა უწყებებმა მეიჯარეებისგან მოითხოვეს, რომ თავად არ დაუშვან კლუბების გახსნა, "წინააღმდეგ შემთხვევაში გამოიყენებენ სადამსჯელო ღონისძიებებს".

კლუბები აცხადებენ, რომ ეს არის ცალსახად შანტაჟისა და მუქარის, დაშინებისა და რეპრესიის გზა, რომელიც ხელისუფლებამ აირჩია.

24 დეკემბერს კლუბი ბასიანი შრომის ინსპექციამ 10 000 ლარით დააჯარიმა, ბასიანის ერთერთმა დამფუძნებელმა ტატო გეთიამ ფორმულას უთხრა, რომ კლუბმა ჯარიმის ქვითარი და კლუბის დალუქვის დოკუმენტი არ ჩაიბარა.

რამდენიმე თვეა, საკლუბო ინდუსტრია გახსნასთან დაკავშირებით მთავრობასთან მოლაპარაკებებს აწარმოებს. ინდუსტრიის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ მძიმე ფინანსური პრობლემები აქვთ და გახსნა აუცილებელია. 


close დახურვა