logo
ENG



BBC-ის ცნობით, პარტიის ლიდერის არჩევნებამდე ჯონსონმა და სუნაკმა საიდუმლო შეხვედრა გამართეს

23 ოქტ 202214:02
3 წუთის საკითხავი
 
2022/10/23/6vmsukhy5ooop3g.jpg
Henry Nicholls / Reuters

გამოცემა BBC-ის ცნობით, დიდ ბრიტანეთში კონსერვატიული პარტიის ლიდერის არჩევნებამდე ბორის ჯონსონმა და რიში სუნაკმა საიდუმლო შეხვედრა გამართეს.

გამოცემას ორი ერთმანეთისგან დამოუკიდებელი წყარო უყვება, რომ შეხვედრა გაიმართა, თუმცა საუბრის თემა და დეტალები ამ დროისთვის უცნობია.

ლიდერის არჩევნებში მონაწილეობისთვის კანდიდატს კონსერვატიული პარტიის სულ მცირე 100 დეპუტატის მხარდაჭერა სჭირდება.

BBC-ის ცნობით, რიში სუნაკს, ვინც ჯონსონის ადმინისტრაციაში ფინანსთა მინისტრი, ხოლო პარტიის ლიდერის წინა არჩევნებში ლიზ ტრასის ოპონენტი იყო, ამ დროისთვის კონსერვატიული პარტიის 128 დეპუტატის მხარდაჭერა აქვს.

ყოფილ პრემიერმინისტრის ბორის ჯონსონისადმი მხარდაჭერა კი ამ დროისთვის საჯაროდ 53-მა დეპუტატმა დააფიქსირა.

არც ბორის ჯონსონს და არც რიში სუნაკს ამ დრომდე არ დაუდასტურებიათ, რომ არჩევნებში მონაწილეობას აპირებენ.

ერთადერთი, ვინც კანდიდატობის სურვილი საჯაროდ გამოთქვა პენი მორდონტია. მას ამ დროისთვის 23 დეპუტატი უჭერს მხარს.

BBC-ის ცნობით, ამ ეტაპზე 357 დეპუტატიდან 204-ის პოზიციაა ცნობილი, ამიტომ შესაძლოა მდგომარეობა რადიკალურად შეიცვალოს.

არჩევნებში მონაწილეობის მსურველებმა ორშაბათს, ადგილობრივი დროით 14:00 საათამდე უნდა მოიპოვონ ხმების საჭირო რაოდენობა, რათა მომდევნო ეტაპზე გადავიდნენ.

თუ ამ დროისთვის საჭირო ხმებს 2-ზე მეტი კანდიდატი მოაგროვებს ის, ვისაც ყველაზე მცირე ოდენობის ხმა ექნება გამოეთიშება ბრძოლას. დარჩენილი 2 კანდიდატს შორის არჩევანს კი კონსერვატიული პარტიის წევრები ონლაინ კენჭისყრით გააკეთებენ. თუ მხოლოდ ერთი კანდიდატი მოაგროვებს 100-ზე მეტ ხმას ბრიტანეთის ახალი პრემიერიც სწორედ ის გახდება.

კენჭისყრის საბოლოო შედეგები და შესაბამისად კონსერვატიული პარტიის ახალი ლიდერი და დიდი ბრიტანეთის ახალი პრემიერმინისტრი პარასკევს 28 ოქტომბერს გამოცხადდება.

ლიზ ტრასის გადადგომის შემდეგ ბრიტანულ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ არჩევნებში მონაწილეობას სავარაუდოდ ყოფილი პრემიერიც მიიღებდა.

მალევე კი გავრცელდა ცნობები, რომ ბორის ჯონსონი კარიბის ზღვიდან სწორედ პარტიის დეპუტატების მხარდაჭერის მოსაპოვებლად და არჩევნებში მონაწილეობისთვის დაბრუნდა.

გუშინ მთელი დღის განმავლობაში კონსერვატიული პარტიის დეპუტატები საკუთარ მხარდაჭერას გამოხატავდნენ კანდიდატების მიმართ.

რიში სუნაკს მიუხედავად იმისა, რომ კანდიდატურა ჯერ არ დაუყენებია, ჯერჯერობით ყველაზე მეტი დეპუტატი უჭერს მხარს. მათ შორის არიან: ყოფილი ფინანსთა და ჯანდაცვის მინისტრი - საჯიდ ჯავიდი, უსაფრთხოების მინისტრი - ტომ ტუდენდჰატი და ყოფილი ვიცე პრემიერი - დომინიკ რააბი. ასევე ჯონსონის ადმინისტრაციის ყოფილი უფროსი - სტივ ბარკლი, „ბრექსიტის ყოფილი მინისტრსი - ლორდ ფროსტი და საერთაშორისო ვაჭრობის მინისტრი - კემი ბადენოკი.

მეორე მხრივ ბორის ჯონსონს მხარი უკვე დაუჭირა 6-მა ყოფილმა მინისტრმა: ბენ უოლასმა, ჯეიკობ რის-მოგმა, საიმონ კლარკმა, კრის ჰიტონ-ჰარისმა, ალოკ შარმა და ანა-მარია რეველიანმა და ყოფილმა შინაგან საქმეთა მინისტრმა პრიტი პატელმა.

დიდი ბრიტანეთის პრემიერმინისტრი ლიზ ტრასი თანამდებობიდან 20 ოქტომბერს გადადგა. ტრასის თქმით, ის პრემიერის როლში საკუთარ მანდატს ვერ ასრულებდა.

"ვაღიარებ, რომ ამ სიტუაციაში ვერ ვასრულებ მანდატს, რომელზეც კონსერვატიულმა პარტიამ ამირჩია. შესაბამისად ვესაუბრე მის უდიდებულესობა მეფეს და შევატყობინე, რომ მე ვტოვებ კონსერვატიული პარტიის ლიდერის თანამდებობას" - განაცხადა ტრასმა.

ლიზ ტრასი ბრიტანეთის ისტორიაში ყველაზე ხანმოკლე ვადით - 45 დღით იყო პრემიერმინისტრი.

მისი გადადგომის მიზეზი ის ეკონომიკური კრიზისია, რომელშიც ქვეყანა ოპონენტების და კონსერვატიული პარტიის ზოგიერთი წევრის აზრით ტრასის პოლიტიკის გამო აღმოჩნდა.

ლიზ ტრასი კონსერვატიული პარტიის ლიდერად ბორის ჯონსონის გადადგომის შემდეგ აირჩიეს. მან კონსერვატიული პარტიის არჩევნებისას კონსერვატიული პარტიის მხარდაჭერა დაბალი გადასახადების, ეკონომიკის ზრდის პოლიტიკის შესახებ დაპირებებით მოიპოვა. ტრასმა პარტიის ლიდერის არჩევნებში დაამარცხა რიში სუნაკი და თანამდებობა ოფიციალურად 5 სექტემბრიდან დაიკავა. 

ტრასი საკუთარი პარტიის, ოპონენტებისა და ინვესტორებისგან მწვავე კრიტიკის საგანი გახდა მას შემდეგ, რაც გაჩნდა საფრთხე, რომ მისი პოლიტიკური გეგმა ქვეყანაში ინფლაციას და ობლიგაციების ბაზრის ჩამოშლას გამოიწვევდა.

 

close დახურვა