BBC-ის ცნობით, პრემიერმინისტრის თანამდებობიდან ლიზ ტრასის გადადგომის შემდეგ, კონსერვატიული პარტიის ლიდერის არჩევნებში მონაწილე კანდიდატებს შორის, შესაძლოა, ბორის ჯონსონიც იყოს.
ლიზ ტრასის მიერ პრემიერის პოსტის დატოვების შემდეგ საუბარი დაიწყო იმაზე თუ ვინ გახდება კონსერვატიული პარტიის მომავალი ლიდერი და დაიკავებს პრემიერმინისტრის თანამდებობას.
მალევე გაჩნდა კითხვები ბორის ჯონსონის კონსერვატიული პარტიის ლიდერობის ხელახალი კანდიდატობის შესახებ, რასაც გამოცემის ცნობით, მისი გარემოცვა არ უარყოფს.
ბრიტანული მედიის ცნობით, ჯონსონი, ვინც კონსერვატიული პარტიის ლიდერის და პრემიერის პოსტი ივლისში დატოვა, პარტიის არჩევნებში მონაწილეობისთვის ემზადება.
გამოცემა the Times-ის თქმით, ჯონსონის აზრით ეს "ეროვნული მნიშვნელობის საკითხია".
BBC კი წყაროზე დაყრდნობით აცხადებს, რომ თავად ჯონსონი, ვინც ამჟამად კარიბის ზღვის კუნძულებზე იმყოფება, ამ ეტაპისთვის ამ შესაძლებლობას არც ადასტურებს და არც უარყოფს.
კონსერვატიული პარტიის ლიდერის არჩევნები მომავალ კვირაში გაიმართება.
BBC-ის თქმით, ერთ-ერთ კანდიდატად ასევე განიხილება რიში სუნაკი, ყოფილი კანცლერი, ვინც წინა არჩევნებისას ლიზ ტრასმა დაამარცხა.
გამოცემა ასევე აცხადებს, რომ შესაძლოა ლიდერობისთვის ბრძოლაში ჩაერთოს პენი მორდონტიც, ვინც ზაფხულში გამართულ კენჭისყრაში მესამე ადგილი დაიკავა. მიუხედავად იმისა, რომ მორდონტს ამ ეტაპზე კანდიდატობის სურვილი არ გამოუთქვამს, ტრასის გადადგომის შემდეგ მან განაცხადა, რომ „სიმშვიდეს შეინარჩუნებს და გააგრძელებს [საქმიანობას]“.
ასევე სავარაუდო კანდიდატებს შორის გამოცემა ასახელებს თავდაცვის მინისტ ბენ უოლასს, საერთაშორისო ვაჭრობის მდივან კემი ბეიდენოკს, საგარეო საქმეთა მინისტრ ჯეიმს ქლევერლისა და ყოფილ შინაგან საქმეთა მინისტრ სუელა ბრეივერმენს, ვინც ცოტა ხნის წინ გადადგა.
მომავალ კვირაში დაგეგმილ არჩევნებში კანდიდატობა ოფიციალურად უარყო კანცლერმა ჯერემი ჰანტმა. BBC ასევე აცხადებს, რომ კონსერვატიული პარტიის ვეტერანი წევრი მაიკლ გოუვი და ტრასის ყველაზე მწვავე კრიტიკოსი ტომ ტუგენდჰატი, სავარაუდოდ, ასევე არ იქნებიან კანდიდატები.
პოტენციური პრემიერის შესახებ კონსერვატიულ პარტიაში განწყობების დასადგენად 2022 წლის 17-18 ოქტომბერს კვლევისა და მონაცემთა ანალიზის ბრიტანულმა კომპანია YouGov-მა პარტიის წევრებს შორის გამოკითხვა ჩაატარა. კვლევის მიხედვით, პარტიის 530 წევრიდან ყველაზე მეტი - 32% ამბობდა, რომ ლიზ ტრასის გადადგომის შემთხვევაში პრემიერმინისტრის თანამდებობაზე ბორის ჯონსონის დანიშვნას ისურვებდნენ. ამავე გამოკითხვაში მეორე ადგილს 23%-ით რიში სუნაკი იკავებდა.
იმავე კვლევის მიხედვით, კონსერვატიული პარტიის წევრთა უდიდესი ნაწილი - 63% ამბობდა, რომ ბორის ჯონსონი ლიზ ტრასის კარგი ან მეტ-ნაკლებად კარგი ჩამნაცვლებელი იქნებოდა. გამოკითხულთა 35% კი ამბობდა, რომ ჯონსონი ცუდი ან ძალიან ცუდი პრემიერი იქნებოდა ლიზ ტრასის შემდეგ.
ამ გამოკითხვაში მეორე ადგილს თავდაცვის მდივანი, ბენ უოლასი იკავებდა ვის პოტენციურ პრემიერობასაც კონსერვატიული პარტიის წევრთა 62% დადებითად აფასებდა.
დიდი ბრიტანეთის პრემიერმინისტრი ლიზ ტრასი თანამდებობიდან დღეს გადადგა. ტრასის თქმით, ის პრემიერის როლში საკუთარ მანდატს ვერ ასრულებდა.
"ვაღიარებ, რომ ამ სიტუაციაში ვერ ვასრულებ მანდატს, რომელზეც კონსერვატიულმა პარტიამ ამირჩია. შესაბამისად ვესაუბრე მის უდიდებულესობა მეფეს და შევატყობინე, რომ მე ვტოვებ კონსერვატიული პარტიის ლიდერის თანამდებობას" - განაცხადა ტრასმა.
ლიზ ტრასი ბრიტანეთის ისტორიაში ყველაზე ხანმოკლე ვადით - 45 დღით იყო პრემიერმინისტრი.
მისი გადადგომის მიზეზი ის ეკონომიკური კრიზისია, რომელშიც ქვეყანა ოპონენტების და კონსერვატიული პარტიის ზოგიერთი წევრის აზრით ტრასის პოლიტიკის გამო აღმოჩნდა.
ლიზ ტრასი კონსერვატიული პარტიის ლიდერად ბორის ჯონსონის გადადგომის შემდეგ აირჩიეს. მან კონსერვატიული პარტიის არჩევნებისას კონსერვატიული პარტიის მხარდაჭერა დაბალი გადასახადების, ეკონომიკის ზრდის პოლიტიკის შესახებ დაპირებებით მოიპოვა. ტრასმა პარტიის ლიდერის არჩევნებში დაამარცხა რიში სუნაკი და თანამდებობა ოფიციალურად 5 სექტემბრიდან დაიკავა.
ტრასი საკუთარი პარტიის, ოპონენტებისა და ინვესტორებისგან მწვავე კრიტიკის საგანი გახდა მას შემდეგ, რაც გაჩნდა საფრთხე, რომ მისი პოლიტიკური გეგმა ქვეყანაში ინფლაციას და ობლიგაციების ბაზრის ჩამოშლას გამოიწვევდა.