იურიდიული ფირმა BLB-ს განცხადებით, ნონა გაფრინდაშვილის საქმეში ამერიკელმა მოსამართლემ, ვირჯინია ფილიპსმა არ დააკმაყოფილა Netflix-ის შუამდგომლობა საქმის წარმოების შეწყვეტის შესახებ.
"მოსამართლემ არ გაიზიარა Netflix-ის არგუმენტაცია გამოხატვის თავისუფლებით დაცვასთან დაკავშირებით", - აღნიშნავენ ფირმაში, რომელიც სასამართლოში გაფრინდაშვილის ინტერესებს წარმოადგენს.
საქმეზე - ნონა გაფრინდაშვილი ნეტფლიქსის წინააღმდეგ - მოსამართლემ ზეპირი მოსმენა 24 იანვარს გამართა.
მოჭადრაკე ნონა გაფრინდაშვილმა ამერიკულ კომპანია Netflix-ს სექტემბერში უჩივლა. სარჩელი Netflix-ის მიერ სერიალ ლაზიერის გამბიტის (The Queen’s Gambit) ფინალურ ეპიზოდში ნათქვამ წინადადებას ეხება.
სერიალში ვისმენთ:
"ერთადერთი უჩვეულო რამ მის [ფილმის მთავარი გმირის] შემთხვევაში მისი სქესია. თუმცა, ის რუსეთშიერთადერთი არ არის. არსებობს ნონა გაფრინდაშვილი, რომელიც მსოფლიოს ქალი ჩემპიონია, თუმცა არასდროს შეხვედრია კაც მოჭადრაკეებს".
ნონა გაფრინდაშვილის სარჩელის მიხედვით, "ნეტფლიქსმა შეგნებულად იცრუა გაფრინდაშვილის მიღწევების შესახებ იაფფასიანი და ცინიკური მიზეზით, რათა გაეზარდა დრამა და წარმოეჩინა, თითქოს გამოგონილ პერსონაჟს ისეთი რამის გაკეთება უწევს, რაც მანამდე არცერთ ქალს, მათ შორის, ნონა გაფრინდაშვილს, არ გაუკეთებია".
სარჩელში წერია, რომ 1968 წლისთვის, რომელიც აღწერილია ლაზიერის გამბიტის ეპიზოდში, გაფრინდაშვილს უკვე ჰქონდა ნათამაშები, სულ მცირე, 59 კაც მოჭადრაკესთან, მათ შორის 10 დიდოსტატთან.
ადვოკატის, მაია მწარიაშვილის თქმით, დეკემბერში გამართულ პროცესზე, რომელსაც ქართული მხარე დისტანციურად დაესწრო, სერიალი სცენარისტი და პროდიუსერი, ფრენკ სკოტი გამოიკითხა.
ნეტფლიქსმა დაცვის მხარეს უარი უთხრა რუსი მოჭადრაკის, გარი კასპაროვის გამოკითხვაზე და მხოლოდ სცენარისტის მიერ ჩვენების მიცემას დათანხმდა.
ადვოკატის თქმით, "სკოტი იძულებული გახდა, ეღიარებინა, რომ იცოდა სიმართლე ნონა გაფრინდაშვილის კარიერული მიღწევების შესახებ, რაც ადასტურებს ნეტფლიქსის მიერ მცდარი ფაქტების მიზანმიმართულად გავრცელებას".