ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპის ბანკებზე დამკვირვებელთა ქსელის დირექტორი საქართველოში, ყირგიზეთსა და EBRD-ის სხვა ქვეყნებში სამოქალაქო საზოგადოების სივრცის შემცირების შესახებ განცხადებას ავრცელებს და წუხილს გამოთქვამს, რომ ვითარება უარესდება ყირგიზეთში და ასევე საქართველოში, სადაც "უცხოური გავლენის" კანონი მიიღეს.
მარკ მარტინის განცხადების თანახმად, Bankwatch-მა ატეხა განგაში სამოქალაქო საზოგადოებისთვის ვითარების გაუარესების შესახებ ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის, კავკასიისა და ცენტრალური აზიის ქვეყნებში.
ის განცხადებაში მიესალმება EBRD-ის პრეზიდენტის მიერ საქართველოში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით გამოთქმულ შეშფოთებას, თუმცა ხაზს უსვამს, რომ ვითარების ესკალაციის შემთხვევაში, ელიან, რომ EBRD და სხვა საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტები - აზიის განვითარების ბანკი, მსოფლიო ბანკის ჯგუფი შეაჩერებენ საჯარო სექტორის დაფინანსებას, რომელიც სარგებელს მოუტანს საქართველოს მთავრობას, ასევე, კერძო კომპანიების დაფინანსებას, რომელიც კავშირშია ქართულ ოცნებასთან.
"ბოლო წლებში Bankwatch-მა ატეხა განგაში სამოქალაქო საზოგადოების სივრცის შეზღუდვის შესახებ ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის, კავკასიისა და ცენტრალური აზიის ქვეყნებში, რათა გააფრთხილონ საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტები, რომელთა მონიტორინგსაც ჩვენ ვახორციელებთ. [...]
ჩვენ ვაფასებთ EBRD-ის პრეზიდენტის განცხადებებს, რომლებიც გამოხატავს შეშფოთებას საქართველოში შექმნილი ვითარების შესახებ, თუმცა თუ სიტუაციის ესკალაცია გაგრძელდება, ჩვენ ველით, რომ EBRD სხვა საერთაშორისო ფინანსურ ინსტიტუტებთან ერთად, როგორიცაა აზიის განვითარების ბანკი და მსოფლიო ბანკის ჯგუფი, ისევე როგორც ორმხრივი სააგენტოები, გააგრძელებენ ზეწოლას და შეაჩერებენ ნებისმიერ საჯარო სექტორის დაფინანსებას, რომელიც სარგებელს მოუტანს მთავრობას, ისევე როგორც ნებისმიერი კერძო კომპანიების დაფინანსებას, რომელიც დაკავშირებულია მმართველ პარტია ქართულ ოცნებასთან.
Bankwatch-ის გამოცდილებით ცხადია, რომ სამოქალაქო საზოგადოებას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს საინვესტიციო პროექტების განხორციელების დროს რისკების შემცირებისთვის, კორუფციის არიდებისთვის, საჯარო თანხების ბოროტად გამოყენების შემცირებისა და საზოგადოებისთვის სარგებლის გაზრდისთვის. შესაბამისად, განვითარების ბანკების ინტერესებშია, უზრუნველყონ, რომ სამოქალაქო საზოგადოება განაგრძობს თავისი არსებითი როლის შესრულებას საინვესტიციო პროექტების წარმატებისა და მდგრადობისთვის", - ნათქვამია განცხადებაში.
საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტებიდან საქართველოს დაფინანსება მოიცავს:
- EBRD - 5,2 მილიარდი ევროს პროექტები; 1,11 მილიარდი ევროს მიმდინარე პროექტები
- World Bank - 1,4 მილიარდი დოლარის მიმდინარე პროექტები
- Asian Development Bank - 4 მილიარდი დოლარის პროექტები