logo
ENG



CNN: უკრაინაში აშშ-ის მომდევნო ელჩად ბრიჯიტ ბრინკი განიხილება, საჭიროა უკრაინის დასტური

01 თებ 202213:19
3 წუთის საკითხავი
 
2022/02/01/gq5hd1gb1zom9ll.jpg
U.S Embassy, Slovakia

ამერიკის პრეზიდენტი უკრაინაში აშშ-ის მომდევნო ელჩად ბრიჯიტ ბრინკს  განიხილავს, თუმცა აშშ-ის ადმინისტრაცია უკრაინის ხელისუფლებისგან ოფიციალურ დასტურს ელოდება. ამის შესახებ CNN-ს ინფორმაცია წყარომ მიაწოდა.

აღსანიშნავია, რომ გავრცელებული ინფორმაციით, 2018 წელს ბრინკი საქართველოში ამერიკის ელჩობის კანდიდატად განიხილებოდა, თუმცა ქართულმა ოცნებამ მისი კანდიდატურა დაბლოკა.

ბრინკი ახლა სლოვაკეთის ელჩია. ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენს ოფიციალურ ნომინანტად ჯერ არ დაუსახელებია.

უცხო ქვეყნისგან ამგვარი დასტურის მიღება ელჩის დანიშვნის პროცესში სტანდარტული პროცედურაა და რამდენიმე დღიდან რამდენიმე კვირამდე შეიძლება გაიწელოს.

წყარომ CNN-ს უთხრა, რომ უკრაინაში ელჩის არჩევის პროცესი ნორმალური ტემპით მიდის და უკრაინის ხელისუფლება ბრინკის გარშემო ახლა სტანდარტულ შემოწმებას ატარებს. უკრაინის ოფიციალური პირების ინფორმაციით ამერიკამ უკრაინას ახალი ელჩის კანდიდატურა 1 კვირის წინ შესთავაზა.

ამერიკის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა კი განაცხადა, რომ უკრაინაში აშშ-ის ელჩი უმოკლეს ვადებში დასახელდება.

„მე შემიძლია გითხრათ, რომ მას შემდეგ რაც ელჩის ნომინაცია ცნობილი გახდება ამ ადამიანს აშშ-ის პრეზიდენტის სრული ნდობა აქვს, ეს იქნება ის ადამიანი, ვისაც მე კარგად ვიცნობ და ვისთანაც ახლო ურთიერთობა მაქვს და ამ ადამიანს ძალიან საიმედო პროფესიონალური ცოდნა ამ რეგიონში“ - განაცხადა ბლინკენმა

ამ ეტაპზე უკრაინაში რჩება ელჩის მოვალეობის შემსრულებელი კრისტინა კვიენი. ამერიკის შეერთებულ შტატებს უკრაინაში მუდმივი ელჩი მარია იოვანოვიჩის შემდეგ არ ჰყოლია.

შეგახსენებთ, რომ 2018 წელს ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ საქართველოში აშშ-ის ელჩად ბრიჯიტ ბრინკის დანიშვნა განიხილებოდა. თუმცა გამოცემა Foreign Policy-ის ინფორმაციით ბრინკის კანდიდატურა ქართულმა ოცნებამ მიხეილ სააკაშვილისადმი მისი კეთილგანწყობის გამო არ მიიღო.

 

close დახურვა