ევროკავშირის მუდმივ წარმომადგენელთა კომიტეტი (COREPER II) უკრაინა-საქართველო-მოლდოვის წევრობის განაცხადების განსახილველად ევროკომისიის მოწვევაზე შეთანხმდა. ინფორმაციას ევროპული საბჭოს საფრანგეთის დელეგაცია ავრცელებს.
28 თებერვალს უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ განაცხადს ხელი ოფიციალურად მოაწერა. მაშინ ქვეყნის პრემიერმინისტრმა დენის შმიგალმა განაცხადა, რომ "უკრაინელებმა დიდი ხნის წინ დაამტკიცეს, რომ ევროპული საზოგადოების განუყოფელი ნაწილი არიან. ამის ფურცელზე გადატანის დრო დადგა". უკრაინის გაწევრიანებაზე ევროკავშირში 27 თებერვალს ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ვონ დერ ლაიენმაც ილაპარაკა. მისი თქმით, უკრაინის ადგილი სწორედ EU-შია.
მოგვიანებით, ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად განაცხადს ხელი საქართველოს პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმაც მოაწერა. "ისტორიული დღეა საქართველოსთვის - ქვეყნის სახელით ხელს ვაწერ ევროკავშირის წევრობაზე განაცხადს, რაც აგრძელებს ჩვენი წინაპრების ძალისხმევას, რომელიც საერთო ევროპულ ოჯახში გაერთიანებისკენ იყო მიმართული", - თქვა მაშინ ღარიბაშვილმა. 2 მარტს ქართული ოცნების თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ ქართული ოცნების საარჩევნო პროგრამით გათვალისწინებული იყო, რომ წევრობაზე განაცხადს 2024 წელს შეიტანდნენ, თუმცა ამჟამინდელი პოლიტიკური კონტექსტის გათვალისწინებით გადაწყვიტეს, წევრობის კანდიდატის სტატუსის მიღებაზე განაცხადი დაუყოვნებლივ გააკეთონ.
საქართველოს შედმეგ, 3 მარტს, ევროკავშირში წევრობის კანდიდატის სტატუსისთვის განაცხადი მოლდოვამაც შეიტანა. დოკუმენტს ოფიციალურად მოაწერა ხელი პრეზიდენტმა მაია სანდუმ. "30 წელი დასჭირდა მოლდოვას, რომ მომწიფებულიყო, ახლა, ქვეყანა მზადაა, საკუთარ მომავალზე აიღოს პასუხისმგებლობა", - თქვა მაია სანდუმ ბრიფინგზე.
24 თებერვალს რუსეთი უკრაინაში შეიჭრა. ამ დროისთვის დაღუპულია უკრაინელი, ასობით სამოქალაქო და სამხედრო პირი. ლტოლვილად იქცა მილიონზე მეტი მოქალაქე. რუსეთი რამდენიმე ქალაქს უტევს. რუსეთისა და უკრაინის წარმომადგენლებს შორის მოლაპარაკების 3 რაუნდი გაიმართა, თუმცა უშედეგოდ.