logo
ENG



DRI: საპატრიარქო წინასაარჩევნოდ ეკლესიის ავტორიტეტით მანიპულირებს

28 სექ 202115:04
3 წუთის საკითხავი
 

დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი განცხადებას ავრცელებს და აღნიშნავს, რომ  საპატრიარქო წინასაარჩევნოდ ეკლესიის ავტორიტეტით მანიპულირებს.

DRI-ის შეფასებით, საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელის განცხადება, რომლის მიხედვით, ეკლესიას შეუძლია პირდაპირ მოუწოდოს მრევლს, როგორ მოიქცნენ არჩევნებზე, ეკლესიის ავტორიტეტით მანიპულირების მცდელობას წარმოადგენს და წინააღმდეგობაში მოდის მოქმედ კანონმდებლობასთან. 

დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი მოუწოდებს საქართველოს საპატრიარქოს, მის წარმომადგენლებს და ყველა დონის სასულიერო პირებს, თავი შეიკავონ პოლიტიკურ პროცესებში ნებისმიერი ფორმით ჩარევისაგან.

"საქართველოს საარჩევნო კოდექსი წინასაარჩევნო აგიტაციაში მონაწილეობას უკრძალავს რელიგიურ ორგანიზაციებს, რაშიც საქართველოს საპატრიარქოც მოიაზრება. საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელის საჯარო განცხადება კი, ბუნებრივია, შესაძლოა, აღქმული იქნეს, როგორც თავად ორგანიზაციის პოზიცია.

მღვდელმთავრების მონაწილეობას პოლიტიკურ ღონისძიებებში მხოლოდ საარჩევნო კოდექსი არ კრძალავს. წმინდა სინოდის (ეკლესიის უმაღლესი სათათბირო ორგანო) 2012 წლის 5 ივლისს მიღებული განჩინებით, ეკლესია წარმოადგენს ქვეყნის გამაერთიანებელ, ნეიტრალურ ძალას. შესაბამისად, წინასაარჩევნო პერიოდში, მღვდელმთავრების მონაწილეობა რომელიმე პარტიის პოლიტიკურ აქციაში დაუშვებელია. განჩინების მიხედვით, ნათელია, რომ ეკლესიის უმაღლესი სათათბირო ორგანო, მღვდელმთავრის ქცევას ეკლესიის პოზიციის გამოხატულებად მიიჩნევს.

თუმცა, დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის როგორც 2020, ისე 2021 წლის წინასაარჩევნო პერიოდზე დაკვირვებამ აჩვენა, რომ სასულიერო პირები პოლიტიკურ პროცესებში მონაწილეობისგან და პოლიტიკური განცხადებების კეთებისგან თავს არ იკავებენ (რაც, ძირითად შემთხვევებში, გამოიხატება საარჩევნო ღონისძიებებზე დასწრებაში ან/და თავიანთი პოლიტიკური ხედვის ამა თუ იმ პარტიის მხარდამჭერი ან/და საწინააღმდეგო განცხადების გაკეთებაში) - ნათქვამია განცხადებაში.

ორგანიზაცია მიიჩნევს, რომ სასულიერო პირების რიტორიკა ფარული ჩანაწერების გასაჯაროების შემდეგ შეიცვალა.

"ნიშანდობლივია, რომ სასულიერო პირების რიტორიკა ფარული ჩანაწერების გასაჯაროების შემდეგ შეიცვალა, რომლის მიხედვითაც, სუს-ი, სავარაუდოდ სათანადო სამართლებრივი საფუძვლის გარეშე, ახორციელებს ფარულ მიყურადებასა და თვალთვალს საზოგადოების თითქმის ყველა წარმომადგენელზე, მათ შორის, ყველა რანგის სასულიერო პირზე. ინფორმაციის გასაჯაროების შემდეგ, საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა ანდრია ჯაღმაიძემ განაცხადა, რომ  თუ ტელევიზიები მათთვის არასასურველი ფორმულირებით გააშუქებენ ფარული ჩანაწერებში არსებულ ფაილებს, მაშინ მრევლს პირდაპირ მოუწოდებენ, როგორ მოიქცნენ არჩევნებზე. დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის შეფასებით, მსგავსი მოწოდება წარმოადგენს საზოგადოების დიდ ნაწილზე საკუთარი ძალაუფლებით და ავტორიტეტით მანიპულირების და ზოგადად, ნების ავტონომიის უგულებელყოფის მცდელობას, რასაც, შესაძლოა, მოჰყვეს კონსტიტუციით გარანტირებული უფლების (არჩევანის თავისუფლება) შეზღუდვა", - აღნიშნულია განცხადებაში. 

25 სექტემბერს, საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსაურის ხელმძღვანელმა ანდრია ჯაღმაიძემ ტელევიზიები გააკრიტიკა და განაცხადა, რომ ისინი დაუსაბუთებელ ინფორმაციას ავრცელებენ. მისივე თქმით, გადაცდომის აღმოჩენის შემთხვევაში ეკლესია შესაბამის ზომებს მიიღებს.

"აი, შევხედავთ რამდენიმე დღე, კიდევ დავაკვირდებით რა რიტორიკა იქნება, რა პათოსი იქნება და შესაძლებელია, რომ ამის მერე არავის აღარ უკვირდეს, თუ ეკლესია მკაფიოდ ეტყვის თავის მრევლს რა გააკეთოს მან არჩევნებზე", – თქვა ჯაღმაიძემ.


close დახურვა