logo
ENG



DRI მუკბანიანის დაკავებაზე: სახელმწიფოს ღონისძიებები კონსტიტუციურ ჩარჩოებს გასცდა

02 ივნ 202118:20
3 წუთის საკითხავი
clock 1533
2021/06/02/r97akz78bb4lfib.jpg

დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი სოფელ საყულიაში, აქტივისტ ირაკლი მუკბანიანის დაკავებას ეხმაურება და აღნიშნავს, რომ ნამახვანჰესის მშენებლობის საწინააღმდეგო აქციის მონაწილეთა მიმართ სახელმწიფოს მიერ გამოყენებული ღონისძიებები, დიდი ხანია გასცდა კონსტიტუციურ ჩარჩოებს და საჯარო ინტერესის დაცვის ნაცვლად, სრულად კერძო ინტერესის დაცვით შემოიფარგლება.

DRI ამბობს, რომ ნაცვლად პროცესის პოლიტიკური და სამართლებრივი გადაწყვეტისა, სახელმწიფო გადაცემულ უფლებამოსილებას, კონკრეტული შეხედულებების მქონე პირთა ინტერესების და თავისუფლებების წინააღმდეგ იყენებს.

"თვალსაჩინოა ხელისუფლების მხრიდან საპოლიციო, საინფორმაციო და ადმინისტრაციული რესურსების მობილიზება ნამახვანჰესის მშენებლობის მოწინააღმდეგეების დისკრედიტაციისათვის. მათი ფუნდამენტური უფლებების წინააღმდეგ რეპრესიული აპარატის გამოყენება, სამართალდამცავი ორგანოს ყოფილი თანამშრომლის მონათხრობითაც დასტურდება. მოსახლეობაში არსებული საპროტესტო განწყობების ფონზე, ი.მ.-ს დაკავებისთვის შერჩეული ადგილი, დაკავების დრო, კონტექსტი და დიდი რაოდენობით საპოლიციო ძალის მობილიზება, მიუთითებს ოპერაციის არასათანადო დაგეგმვა-აღსრულებასა და გამოყენებული ძალის არაპროპორციულობაზე.

დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი განმარტავს, რომ „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, გამიზნული გასროლა ითვლება ცეცხლსასროლი იარაღის აქტიურ გამოყენებად. შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადების თანახმად, პოლიციამ გამაფრთხილებელი გასროლა დაპირისპირების განმუხტვის მიზნით განახორციელა. ამავდროულად, განცხადებაში არ იყო მითითებული თუ რა ქმედებებმა გამოიწვიეს ინციდენტის მონაწილეთა ჯანმრთელობის დაზიანება და „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული რომელი საფრთხე გახდა უკიდურესი ღონისძიების სახით ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენების საფუძველი.

მართლწესრიგის დამცველ თანამდებობის პირთა მიერ ძალისა და ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენების შესახებ გაეროს ძირითადი პრინციპების თანახმად, მართლწესრიგის დამცველმა თანამდებობის პირებმა არ უნდა გამოიყენონ ცეცხლსასროლი იარაღი, გარდა თავის ან სხვა პირთა დასაცავად, იმ შემთხვევაში, როდესაც არსებობს სიცოცხლის მოსპობის ან ჯანმრთელობის სერიოზული დაზიანების გარდაუვალი საფრთხე; ან მძიმე დანაშაულის აღსაკვეთად, რომელიც საფრთხეს უქმნის სიცოცხლეს; ასეთი დანაშაულის ჩამდენი პირის დასაპატიმრებლად, თუ იგი წინააღმდეგობას უწევს პოლიციელს; ან მისი გაქცევის აღსაკვეთად და მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ნაკლებად ექსტრემალური ზომები არასაკმარისია აღნიშნული მიზნების მისაღწევად", - ნათქვამია განცხადებაში.

დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი მოუწოდებს:

  • სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურს - შეისწავლოს წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ საყულიაში ი..-ს დაკავებისას სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენლების მიერ უფლებამოსილების შესაძლო გადამეტების ფაქტები.
  • შინაგან საქმეთა სამინისტროს - უზრუნველყოს ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების შემზღუდავი ნებისმიერი ღონისძიების მაქსიმალური გამჭვირვალეობა და ანგარიშვალდებულების სათანადო მექანიზმების დანერგვა, განსაკუთრებით იმ შემთხვევებში, თუ გამოყენებული ღონისძიებები საფრთხეს უქმნის ადამიანების სიცოცხლესა და ჯანმრთელობას.

ამასთან, ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ვკითხულობთ, რომ თვალსაჩინოა ხელისუფლების მხრიდან საპოლიციო, საინფორმაციო და ადმინისტრაციული რესურსების მობილიზება ნამახვანჰესის მშენებლობის მოწინააღმდეგეების დისკრედიტაციისათვის.

შინაგან საქმეთა სამინისტრო მუკბანიანს 29 მაისს, აქციის დროს პოლიციელზე თავდასხმასა და ფიზიკურ შეურაცხყოფას ედავება. დაკავებულს 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება. მის წინააღმდეგ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე მუხლით მიმდინარეობს. 

შსს ამტკიცებს, რომ სოფელ საყულიეში ჰესის მოწინააღმდეგე აქტივისტის, ირაკლი მუკბანიანის დაკავებისას პოლიციამ გამაფრთხილებლად გაისროლა. უწყებამ ეს განცხადება მას შემდეგ გაავრცელა, რაც თვითმხილველებმა თქვეს, რომ სპეცრაზმმა მუკბანიანის დაკავებისას მათი მიმართულებით გაუფრთხილებლად ისროლა. მათივე თქმით, ერთი პირი რეზინის ტყვიით, მეორე კი ცეცხლსასროლი ტყვიით დაიჭრა.

უწყება თავის განცხადებაში არ აღნიშნავს, რამდენი ადამიანი დაშავდა, ან დაიჭრა სპეცოპერაციის დროს და წერს, რომ გამოიყენეს "სპეციალური საშუალებები". 


close დახურვა