logo
ENG



ECHR-მა რუსეთს "საერთაშორისო მემორიალის" დახურვის შეჩერება მოსთხოვა

30 დეკ 202101:03
3 წუთის საკითხავი
 
2021/12/30/1y2mrr15h2aeytm.jpg

ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ რუსეთს ორგანიზაცია "საერთაშორისო მემორიალის" დახურვის შეჩერება მოსთხოვა

ECHR-ის განცხადებაში ნათქვამია, რომ სასამართლომ გადაწყვიტა "რუსეთის მთავრობას მიუთითოს, რომ მხარეთა ინტერესებიდან გამომდინარე და სამართალწარმოების სათანადოდ წარმართვისთვის, ორგანიზაციის დახურვის გადაწყვეტილება შეჩერდეს იმ ვადით, რაც დასჭირდება სასამართლოს განცხადების განხილვისთვის".

28 დეკემბერს, რუსეთის უზენაესმა სასამართლომ ორგანიზაცია საერთაშორისო მემორიალის ლიკვიდაციის გადაწყვეტილება მიიღო

ლიკვიდაციის შესახებ შუამავლობით სასამართლოს გენერალურმა პროკურატურამ მიმართა. უწყებაში აცხადებენ, რომ ორგანიზაციამ არაერთხელ დაარღვია კანონი "უცხოელი აგენტის" შესახებ.

დასკვნით სხდომაზე გენერალური პროკურატურის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ ორგანიზაცია მცდარ წარმოდგენას ქმნის საბჭოთა კავშირის რეჟიმის შესახებ, ამასთან "რეაბილიტაციას უკეთებს ნაცისტ დამნაშავეებს". საერთაშორისო მემორიალის წარმომადგენლები პროკურატურის ბრალდებებს უარყოფდნენ და აღნიშნავდნენ, რომ ორგანიზაციის ლიკვიდაციის საფუძველი არ არსებობდა.

საერთაშორისო მემორიალი მოსკოვში 1992 წელს დაარსდა. მისი ძირითადი მიზანი სსრკ-ს დროს პოლიტიკური რეპრესიების კვლევა, ასევე, პოლიტიკური რეპრესიების ქვეშ მყოფი პირების მორალურ და სამართლებრივ რეაბილიტაციაში ხელშეწყობაა.

ამას წინ უძღოდა საზოგადოებრივი ჯგუფი მემორიალი, რომელიც 1987 წელს შეიქმნა და რომელმაც საფუძველი ჩაუყარა არაერთ რეგიონულ ორგანიზაციასა და გაერთიანებას. 1989 წელს ყველა მათგანი გაერთიანდა მემორიალში, რომელიც 1990 წელს დარეგისტრირდა. საზოგადოება მემორიალის პირველი საპატიო თავმჯდომარე ანდრეი სახაროვი იყო.


close დახურვა