logo
ENG



ECHR-მა უზენაესი სასამართლოს მიერ გიგი უგულავას მსჯავრდების საქმე წარმოებაში მიიღო

18 ივნ 202117:52
3 წუთის საკითხავი
 
ECHR-მა უზენაესი სასამართლოს მიერ გიგი უგულავას მსჯავრდების საქმე წარმოებაში მიიღო

სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ გიგი უგულავას მსჯავრდების საქმე წარმოებაში მიიღო. 

საერთაშორისო სამართლის იურისტის, სანდრო ბარამიძის განცხადებით, სასამართლომ შესაბამისი სარჩელი დასაშვებად სცნო და სახელმწიფოსაც გაუგზავნა კითხვები, კერძოდ: რამდენად აკმაყოფილებდა "კანონის საფუძველზე შექმნილი სასამართლოს" სტანდარტს სასამართლო, თუ საქმის განხილვაში მონაწილეობდა მოსამართლე, რომელიც ყოფილი გენერალური პროკურორია, იყო თუ არა მოსამართლის კვალიფიკაციის პრობლემა, აკმაყოფილებდა თუ არა სასამართლო დამოუკიდებლობის და მიუკერძოებლობის მოთხოვნებს. 

"ესეც ასე. სტრასბურგის სასამართლომ წარმოებაში მიიღო ჩემი ბოლო პატიმრობის საქმე და კომუნიკაციაც დაწყებულია. ადრე იქნება თუ გვიან სიმართლე დამტკიცდება და ფარდა აეხდება ივანიშვილის ნახმარ სამართალს.

როგორც თავად ივანიშვილი იტყოდა დამელოდეთ, დამელოდეთ". - დაწერ გიგი უგულავამ ფეისბუქზე

2020 წლის 10 თებერვალს, უზენაესი სასამართლოს მოსამართლის, შალვა თადუმაძის გადაწყვეტილებით გიგი უგულავას 9-წლიანი პატიმრობა მიესაჯა საქმეზე, რომელზეც სასჯელი მას ერთხელ უკვე მოხდილი ჰქონდა. 

გადაწყვეტილება შალვა თადუმაძემ მიიღო, რომელიც უზენაესი სასამართლოს უვადო მოსამართლედ 2019 წლის დეკემბერში დაინიშნა. მანამდე ის გენერალური პროკურორის თანამდებობას იკავებდა. 

საქმე თბილისის განვითარების ფონდიდან 48 მილიონი ლარის მითვისება-გაფლანგვის ბრალდებას ეხება. 

ამნისტიის შესახებ კანონის და იმის გათვალისწინებით, რომ უგულავა ციხეში ამ საქმეზე უკვე იჯდა, უგულავას საბოლოო სასჯელად 3 წლით, 2 თვით და 8 დღით პატიმრობა განესაზღვრა. იმავე დღეს უგულავა დააპატიმრეს. 

გიგი უგულავამ საპატიმრო 2020 წლის 15 მაისს, პრეზიდენტის შეწყალების საფუძველზე დატოვა. 

შეწყალებას წინ უძღოდა 2020 წლის 8 მარტის შეთანხმება, რომელიც აშშ-ის ელჩის რეზიდენციაში ხელისუფლებას და ოპოზიციას შორის გაფორმდა და რომლის ერთი ნაწილიც პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლებას შეეხებოდა. 


close დახურვა