ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრმა (EMC) აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლიდან გათავისუფლებული თანამშრომლების სახელით შინაგან საქმეთა სამინისტროსა და გენერალურ პროკურატურას, მაუწყებლის დირექტორის გიორგი კოხრეიძის მიმართ გამოძიებისა და სისხლის სამართლებრივი დევნის დაწყების მოთხოვნით მიმართა.
EMC-ის შეფასებით, გიორგი კოხრეიძის თანამდებობაზე დანიშვნის შემდგომ, სავარაუდოდ, ადგილი აქვს დირექტორისადმი კრიტიკულად განწყობილი, განსხვავებული შეხედულებების მქონე თანამშრომლების დევნასა და ალტერნატიული პროფესიული კავშირის საქმიანობის ხელშეშლას, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 156-ე (დევნა) და 166-ე (პოლიტიკური, საზოგადოებრივი ან რელიგიური გაერთიანების შექმნისათვის ან მისი საქმიანობისათვის ხელის შეშლა) მუხლების შესაბამისად დასჯად ქმედებას წარმოადგენს.
სამართალდამცავი ორგანოების წინაშე წარდგენილ ვრცელ მიმოხილვაში EMC უთითებს, მათ შორის, საერთაშორისო ორგანიზაციების (ეუთო, ევროპის საბჭო, რეპორტიორები საზღვრებს გარეშე), საქართველოს სახალხო დამცველისა და ადამიანის უფლებებზე მომუშავე ადგილობრივი ორგანიზაციების შეფასებებს, რომლებიც ღიად მსჯელობენ მაუწყებლის სარედაქციო პოლიტიკაში ჩარევის, ჟურნალისტების დევნისა და კონტროლის პრაქტიკებზე.
EMC მოუწოდებს - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმოდგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით დაუყოვნებლივ დაიწყოს გამოძიება და შეისწავლოს გიორგი კოხრეიძის ქმედებებში დანაშაულის ნიშნები. ამ კუთხით, მნიშვნელოვანია გამოძიების პროცესზე ეფექტიანი მონიტორინგი გასწიოს შსს ადამიანის უფლებათა დაცვისა და გამოძიების ხარისხის მონიტორინგის დეპარტამენტმა; საქართველოს პროკურატურას უზრუნველყოს გამოძიების პროცესზე ეფექტური, მიუკერძოებელი საპროკურორო ზედამხედველობა და დაიწყოს სისხლისსამართლებრივი დევნა გიორგი კოხრეიძის მიმართ.