logo
ENG



EMC მთავრობას: ახალგორში, ჯანდაცვის კრიზისის საპასუხოდ, მიიღეთ დაუყოვნებლივი ზომები

17 დეკ 202011:29
3 წუთის საკითხავი
 
2020/12/17/qt6sidqs20dkd2e.jpg

EMC ეხმიანება ბოლო თვეების განმავლობაში ახალგორში შექმნილ მძიმე ჰუმანიტარულ კრიზისს და საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებს დაუყოვნებლივ გადადგას ნაბიჯები ამ კრიზისებზე და მის უმძიმეს ადამიანურ და სოციალურ ზიანზე საპასუხოდ და მათ შორის, საზოგადოებას მიაწოდოს ინფორმაცია დაგეგმილი ღონისძიებების შესახებ.

EMC-ში აცხადებენ, რომ პანდემიის პირობებში კიდევ უფრო გართულდა სოციალური მდგომარეობა იმ ადგილობრივებისთვის, ვინც ძირითადად საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე აღებული პენსიით ირჩენდა თავს.

"2019 წლის სექტემბრის შემდეგ ახალგორის დაბა და მიმდებარე სოფლები ჩაიკეტა და პრაქტიკულად იზოლირებულია დანარჩენი რეგიონებისგან. ამ მოცემულობაში რეგიონი სოციალური და სამედიცინო კრიზისის წინაშე დგას. რამდენიმე თვის განმავლობაში პენსიონერები ვერ ახერხებდნენ პენსიის მიღებას და მხოლოდ 2020 წლის იანვარში გახსნა დე-ფაქტო ხელისუფლებამ გამშვები პუნქტი მხოლოდ პენსიონერებისთვის შეზღუდული ვადით. თუმცა, ამ მიზნით გამოსვლის პროცედურაც თანმიმდევრული და გამჭირვალე არ არის. ამასთან გართულებულია, პაციენტების გამოყვანა ამ რეგიონიდან. მიუხედავად იმისა, რომ წითელი ჯვარის დახმარებით პაციენტების ნაწილის გადმოყვანა თბილისში ხერხდება, ეს პროცესი ხშირად აწყდება გაუმართლებელ ბარიერებს ადგილობრივი დე ფაქტო ხელისუფლების უწყებებიდან", - აცხადებენ NGO-ში.

როგორც EMC-ის განცხადებაშია ნათქვამი, დროული სამედიცინო დახმარების არარსებობის პირობებში ბოლო თვეების განმავლობაში ახალგორის რაიონში ათეულობით ადამიანი გარდაიცვალა და სიტუაციას ამძიმებს ის გარემობაც, რომ ახალგორში ექიმები პრაქტიკულად აღარ დარჩნენ.

"ჯანდაცვის და მძიმე სოციალური პრობლემების გამო ახალგორის დაბა და მისი სოფლები დღითიდღე იცლება, სულ უფრო მეტი ადამიანი მიმართავს დე-ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლების რომ მიიღონ გასვლის ნებართვა, ასევე წითელი ჯვრის დახმარებით გადმოდიან თბილისის კონტროლირებად ტერიტორიაზე, წეროვანში და სხვა ადგილებში საკუთარ ოჯახებთან გაერთიანების მიზნით. როგორც ადგილობრივები იუწყებიან მალე ახალგორი დაიცლება, რადგან მოსახლეობა ვერ გაუძლებს არსებულ კრიზისს", - აცხადებენ EMC-ში.

არასამთავრობო ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ შექმნილი კრიზისის სიმწვავიდან გამომდინარე არსებითია საქართველოს ხელისუფლებამ მიიღოს ყველა ზომა ახალგორში მცხოვრები ადამიანების სიცოცხლის, ჯანმრთელობისა და უფლებების დასაცავად. EMC-ის აზრით, ეს ღონისძიებები მათ შორის უნდა მოიცავდეს დიპლომატიური, პოლიტიკური და ადმინისტრაციული რესურსების გონივრულ და მაქსიმალურ გამოყენებას უფლებების დაცვის უზრუნველსაყოფად. 

EMC მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას:

გააძლიეროს საერთაშორისო დიპლომატიური მისიების გავლით ზეწოლა რუსეთის ფედერაციასა და ცხინვალის დე-ფაქტო ხელისუფლებაზე მიმოსვლის თავისუფლების აღსადგენად და დროული და შეუფერხებელი სამედიცინო დახმარებების უზრუნველსაყოფად;

გამოიყენოს ცხინვალის დე ფაქტო ხელისუფლებასთან არაფორმალური კომუნიკაციის ყველა არხი შექმნილი ჰუმანიტარული კრიზისის დასაძლევად როგორც ცხინვალის რეგიონში, ისე ახალგორსა და მიმდინარე სოფლებში მცხოვრები ადამიანების დასაცავად;

წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის საშუალებით უზრუნველყოს სამედიცინო რესურსების, მათ შორის მედიკამენტების და სამედიცინო პერსონალის ცხინვალის რეგიონში, მათ შორის, ახალგორის რაიონში გაგზავნა;


close დახურვა