logo
ENG



ENKA ნამოხვანჰესზე: კომპანია არ აპირებს ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი პროექტის გაჩერებას

12 ივნ 202115:26
3 წუთის საკითხავი
 
ENKA ნამოხვანჰესზე: კომპანია არ აპირებს ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი პროექტის გაჩერებას
ვახო ქარელი/ფორმულა

კომპანია ENKA ნამოხვანჰესთან დაკავშირებით განცხადებას აქვეყნებს, რომელშიც ნათქვამია, რომ ჰესის მშენებლობა არ შეჩერდება.

როგორც კომპანიის განცხადებაში ვკითხულობთ, არ იგეგმება საინვესტიციო ვალდებულებებზე უარის თქმა და ქვეყნიდან გასვლა.

„სოციალურ მედიაში ვრცელდება ინფორმაცია, თითქოს კომპანია "ენკამ" ტექნიკა დაასაწყობა და მუშაობა შეაჩერა, რაც არ შეესაბამება სიმართლეს. კომპანია არ აპირებს ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი პროექტის- “ნამახვანჰესის" გაჩერებას, საინვესტიციო ვალდებულებებზე უარის თქმას და ქვეყნიდან გასვლას. ასევე, კომპანია მზადაა პროცესით დაინტერესებულ ყველა მხარეს მიაწოდოს საჭირო ინფორმაცია პროექტის შესახებ", - ვკითხულობთ განცხადებაში.

დღეს ნამოხვანჰესის აშენების მოწინააღმდეგეებსა და სახელმწიფოს წარმომადგენლებს შორის მედიაციის პროცესი დაიწყო

შეხვედრაზე პროექტში ჩართული მხარეები თავის პოზიციებს გამოხატავენ და იმ საკითხებს გამოკვეთენ, რომელთა განხილვაც მომავალში დიალოგის გზით მოლაპარაკების მაგიდასთან იქნება შესაძლებელი.

როგორც ეკონომიკის სამინისტრო, ისე "რიონის მცველები" იმედს გამოთქვამენ, რომ მედიაცია ეფექტიანი იქნება. 

ნამოხვანჰესის წინააღმდეგ აქციები რამდენიმე თვეა იმართება. 23 მაისიდან 26 მაისის ჩათვლით აქციის მონაწილეები ჰესის მშენებლობას თბილისში აპროტესტებდნენ. შემდეგ კი ხეობაში დაბრუნების გადაწყვეტილება მიიღეს.

რიონის მცველების მოთხოვნებია:

  • შეჩერდეს ნამოხვანჰესის მშენებლობა, კომპანია ENKA-მ დატოვოს რიონის ხეობა;
  • გაუქმდეს ნამოხვანის ჰესების კასკადზე 2015 წელს გაცემული სამშენებლო ნებართვა და ყველა სხვა მასზე დაფუძნებული დოკუმენტი;
  • გამოცხადდეს მორატორიუმი ენერგოსექტორში;
  • თანამდებობიდან გადადგეს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა;
  • დადგეს ყველა იმ პირის პასუხისმგებლობის საკითხი, ვინც ჩართულია ამ პროექტში - აღიძრას სისხლის სამართლის საქმე, არა მარტო ნათია თურნავას მიმართ, არამედ ყველა იმ პირთან დაკავშირებით, ვინც ხელს აწერს კონკრეტულ დოკუმენტაციებს.

close დახურვა