logo
ENG



EPAG-ის 200-ზე მეტი მონაწილე ოცნების ანტიევროპულ გადაწყვეტილებას ემიჯნება

01 დეკ 202417:19
3 წუთის საკითხავი
 
2024/12/01/g1bqhhw5qyfwqez.jpg

აშშ-ის მთავრობის გაცვლითი პროგრამების საქართველოს მონაწილეთა ასოციაცია (EPAG) განცხადებას ავრცელებს და ოცნების ანტიევროპულ გადაწყვეტილებას ემიჯნება. 

განცხადებაში აღნიშნულია, რომ 2028 წლის ბოლომდე ევროკავშირთან წევრობის თაობაზე მოლაპარაკებების დაწყების საკითხის პოლიტიკური დღის წესრიგიდან ამოღება არღვევს საქართველოს კონსტიტუციის 78-ე მუხლს.

"აშშ-ის მთავრობის გაცვლითი პროგრამების საქართველოს მონაწილეთა ასოციაცია მიიჩნევს, რომ 2028 წლის ბოლომდე ევროკავშირთან წევრობის თაობაზე მოლაპარაკებების დაწყების საკითხის პოლიტიკური დღის წესრიგიდან ამოღება არღვევს საქართველოს კონსტიტუციის 78-ე მუხლს. აღნიშნული მუხლის თანახმად, ყველა სახელმწიფო ორგანოს აკისრია მკაფიო ვალდებულება - უზრუნველყოს საქართველოს სრული ინტეგრაცია ევროპის კავშირსა და ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციაში. სამწუხაროდ, საქართველოს მთავრობის მიერ მიღებული გადაწყვეტილება ხელყოფს როგორც კონსტიტუციურ ნორმას, ასევე უგულებელყოფს საქართველოს მოქალაქეთა აბსოლუტური უმრავლესობის ნებასა და ქვეყნის მრავალსაუკუნოვან ისტორიულ არჩევანს. 

მიგვაჩნია, რომ ევროინტეგრაციის შეჩერების შესახებ მიღებული ანტიკონსტიტუციური გადაწყვეტილება საქართველოს მოქალაქეებს ართმევს იმ ევროპულ მომავალს, რომლისათვისაც წლებია ვიბრძვით. მეტიც, ის ჩვენი ისტორიული და ცივილიზაციური არჩევანია. შესაბამისად, ქვეყნისათვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი პროცესის შეფერხებით ვკარგავთ იმ სტრატეგიული მიზნებისა და ამოცანების მიღწევის შესაძლებლობას, რაც დაკავშირებულია სახელმწიფოს განვითარებასთან, პროგრესთან, კეთილდღეობასა და უსაფრთხოებასთან.

ამასთან, ვგმობთ მშვიდობიანი მოქალაქეების წინააღმდეგ ძალისმიერი, არაპროპორციული მეთოდების გამოყენებას, რომლებიც უხეშად ხელყოფენ ადამიანის ფუნდამენტურ უფლებებსა და თავისუფლებებს. 

ჩვენი, როგორც საქართველოს მოქალაქეების საერთო რესურსი სწორედ ევროპული ოჯახის წევრობისკენაა მიმართული, იმ ეროვნული მიზნისკენ, რომელიც საქართველოს კონსტიტუციითა განმტკიცებული და საქართველოს მოსახლეობის დიდი უმრავლესობის მიერაა მხარდაჭერილი" - ვკითხულობთ განცხადებაში.

ამ დროისთვის, განცხადებას ხელს 200-ზე მეტი ადამიანი აწერს. 

 

 


close დახურვა