საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი, კაია კალასი EU-ის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების თანხმობას მოითხოვს, რათა ქართველი ჩინოვნიკების მიმართ სანქციების დაწესების პროცესი დაიწყოს.
ამის შესახებ ინფორმაცია ფორმულას ევროკავშირის მაღალჩინოსანმა მიაწოდა.
წყაროს ცნობით, უნგრეთის წინააღმდეგობის მიუხედავად, კალასი აღნიშნული საკითხის წამოწევას გეგმავს და ხაზგასმით აღნიშნავს, რომ ევროკავშირისთვის ქართველი ხალხის გვერდით დგომა და პასუხისმგებლობის დაკისრება მათთვის, ვინც ხელს უშლის საქართველოს ევროპულ მისწრაფებებს, ფუნდამენტური საკითხია.
არსებული ინფორმაციით, ამ ეტაპზე, აქცენტი არა კონკრეტული პიროვნებების იდენტიფიცირებაზე, არამედ სამუშაოს დასაწყებად მანდატისა და რესურსების მოპოვებაზე კეთდება. ევროკავშირის მაღალჩინოსნის ცნობით, ამ საკითხს ევროპის საგარეო ქმედებათა სამსახური ხელმძღვანელობს.
ამასთან, წყარომ აღნიშნა, რომ ორშაბათს განხილვის დღის წესრიგში ვიზალიბერალიზაციის თემაც იქნება. როგორც ცნობილია, წევრი ქვეყნების უმეტესობა დიპლომატიური პასპორტის მქონე პირებისთვის შენგენის ზონაში შესვლის შეზღუდვის მომხრეა.
"ჩვენი პოზიციაა, რომ მათ, ვინც პასუხისმგებელნი არიან ძალადობაზე, პასუხი უნდა აგონ", - განაცხადა ევროკავშირის მაღალჩინოსანმა ფორმულასთან.
ევროკავშირის სანქციები შენგენის ზონაში მოგზაურობის აკრძალვასა და აქტივების გაყინვას მოიცავს.