ევროკავშირის ოფიციალური პირები პრაღაში ორდღიან არაფორმალურ შეხვედრაზე იკრიბებიან, სადაც უკრაინაში არსებული ვითარება უნდა განიხილონ. მინისტრები გეგმავენ განიხილონ, როგორ შეუძლია ევროკავშირს უკრაინის სამხედრო და სოციალური თვალსაზრისით მხარდაჭერა.
შეხვედრებზე ევროკავშირის თავდაცვისა და საგარეო საქმეთა მინისტრები რუსეთის წინააღმდეგ შემდგომ შეზღუდვებს განიხილავენ, ერთ-ერთი თემა რუსი ტურისტებისთვის ევროკავშირში შესვლის აკრძალვა იქნება.
"ისეთ ვითარებაში, როდესაც უკრაინაში ადამიანებს აწამებენ, კლავენ და ატერორებენ, რუსეთის მოქალაქეებმა არ უნდა ისარგებლონ ევროპაში ტურისტული მოგზაურობით. მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ შევზღუდოთ რუსეთის მოქალაქეებისთვის ევროპაში მოგზაურობის შესაძლებლობა. ბოლოს და ბოლოს, ტურიზმი არის პრივილეგია და არა უფლება", - თქვა ესტონეთის პრემიერმინისტრმა კაია კალასმა.
ლატვიის ვიცეპრემიერმა და თავდაცვის მინისტრმა არტის პაბრიკსმა თქვა, რომ ევროკავშირის 27 ქვეყანას შორის საკითხებზე კონსენსუსის მიღწევა, შესაძლოა რთული იყოს. ამით ის საფრანგეთისა და გერმანიის მიერ გავრცელებულ მემორანდუმს გამოეხმაურა, სადაც ისინი ევროკავშირის სავიზო პოლიტიკის მიმართ უფრო ფრთხილ მიდგომაზე საუბრობენ.
ლატვია, ესტონეთი, ლიეტუვა, ჩეხეთი, პოლონეთი და ფინეთი რუსებისთვის შენგენის ვიზების გაცემის აკრძალვას მთელი ევროკავშირის მასშტაბით ითხოვენ. ევროკავშირის რამდენიმე სახელმწიფო, მათ შორის საფრანგეთი და გერმანია, მსგავსი მკაცრი ზომების გატარებას ეწინააღმდეგება. გერმანიის კანცლერმა, ოლაფ შოლცმა განაცხადა, რომ მისი აზრით, ევროპამ შანსი უნდა მისცეს მათ, ვინც ვლადიმერ პუტინის პოლიტიკას ეწინააღმდეგება.
გასულ კვირას ევროკავშირის დიპლომატიური დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, ჯოზეფ ბორელმა ასევე თქვა, რომ ნაკლებად სავარაუდოა, რუსეთის მოქალაქეებისთვის შენგენის ვიზის გაცემის სრულად აკრძალვის იდეამ მხარდაჭერა მოიპოვოს.
Financial Times-ის ინფორმაციით, ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები მხარს დაუჭერენ რუსეთის მოქალაქეებისთვის შენგენის ვიზების გაცემის გამარტივებული პროცედურის გაუქმებას.