იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა ევროკავშირის მიერ განსაზღვრული პირობების შესასრულებლად სამუშაო ჯგუფები შექმნა.
კომიტეტში შეიქმნა 5 სამუშაო ჯგუფი: დეოლიგარქიზაციის საკითხზე კანონპროექტის შემუშავების, სასამართლო რეფორმის, საქართველოს საარჩევნო კოდექსის გადასინჯვის, ანტიკორუფციული ღონისძიებების და სპეციალური საგამოძიებო სამსახურისა და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის შემდგომი ინსტიტუციური გაძლიერების.
დეოლიგარქიზაციის, სასამართლო რეფორმის, ანტიკორუფციული ღონისძიებების და სპეციალური საგამოძიებო სამსახურისა და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის შემდგომი ინსტიტუციური გაძლიერების სამუშაო ჯგუფებს უხელმძღვანელებს იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი, ხოლო საქართველოს საარჩევნო კოდექსის გადასინჯვის სამუშაო ჯგუფს - ფრაქცია ქართული ოცნების თავმჯდომარის პირველი მოადგილე გივი მიქანაძე.
სამუშაო ჯგუფების შემადგენლობაში შედიან ფრაქცია ქართული ოცნების და საპარლამენტო ოპოზიციის წევრები, ასევე, სამოქალაქო საზოგადოების (აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმის საქართველოს ეროვნული პლატფორმის) და სახელმწიფო უწყებების წარმომადგენლები, აგრეთვე სხვა დაინტერესებული პირები.
საპარლამენტო ოპოზიციიდან სამუშაო ჯგუფების საქმიანობაში მონაწილეობას მიიღებენ: მოქალაქეების, ევროპელი სოციალისტების და, გირჩის წარმომადგენლები, ასევე, უფრაქციო პარლამენტის წევრები.
ანრი ოხანაშვილის განცხადებით, საქართველოს პრეზიდენტის წარმომადგენლები, მათ მიერ გამოთქმული სურვილის შესაბამისად, მონიტორინგს გაუწევენ სამუშაო ჯგუფების საქმიანობას.
მისი თქმით, სურვილის შემთხვევაში, პროცესის მონიტორინგის შესაძლებლობა, ასევე, ექნებათ საერთაშორისო ორგანიზაციებს, მათ შორის, ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს და ევროპის საბჭოს წარმომადგენლებს.
2022 წლის 23 ივნისს ევროპულმა საბჭომ უკრაინასა და მოლდოვას კანდიდატის სტატუსი მიანიჭა, საქართველოს კი - არა. საბჭომ განაცხადა, რომ მზადაა, ქვეყანას კანდიდატის სტატუსი მიანიჭოს, როგორც კი მოგვარდება მთელი რიგი პრობლემებისა.
მდგომარეობის გამოსასწორებლად ევროკავშირმა საქართველოს 12-პუნქტიანი გეგმა მისცა.