logo
ENG



EU-ის სამიტის წინ ორბანი მაკრონს შეხვდება

06 დეკ 202316:30
3 წუთის საკითხავი
 
2023/12/06/n87gjahooj3u4vk.jpg
REUTERS/Gonzalo Fuentes/File Photo

ევროკავშირის სამიტის წინ, სადაც გაფართოების საკითხზე უნდა იმსჯელონ, საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა უნგრეთის პრემიერი ვიქტორ ორბანი პარიზში მიიწვია. შეხვედრა მიმდინარე კვირაში შედგება და სავარაუდოდ, შეეხება ორბანის განცხადებებს, რომლის თანახმადაც, ის უკრაინის EU-ში გაწევრიანების პროცესის შეფერხებას აპირებს.

ვიქტორ ორბანი, რომელიც მოსკოვთან ახლო კავშირებს ინარჩუნებს, გაწევრიანების პროცესზე უკრაინასთან მოლაპარაკებების დაწყების წინააღმდეგია. Politico წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ მაკრონი იმედოვნებს, ამ საკითხზე ორბანთან კომპრომისს მიაღწევს. გარდა ამისა, მზარდი დიპლომატიური კრიზისის ფონზე, ევროპული საბჭოს პრეზიდენტი, შარლ მიშელი ჩინეთში მის ვიზიტს შეწყვეტს და ქვეყანას დაგეგმილზე ადრე დატოვებს.

5 დეკემბერს რადიო თავისუფლებამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ვიქტორ ორბანმა ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელს კიდევ ერთი წერილით მიმართა.

14-15 დეკემბერს დაგეგმილი ევროკავშირის ლიდერთა სამიტის წინ ორბანმა მიშელს მიწერა, რომ ევროპული საბჭოს შეხვედრაზე, უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებების დაწყებასთან დაკავშირებული გადაწყვეტილების მიღების მოლოდინი "უსაფუძვლოა - პოლიტიკური და ტექნიკური მომზადების დღეს არსებული დონის გათვალისწინებით".

დღეს კი უნგრეთის მმართველმა პარტიამ პარლამენტს წარუდგინა რეზოლუცია, რომლითაც მთავრობას მოუწოდებს, მხარი არ დაუჭიროს უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების დაწყებას.

მმართველი პარტიის განცხადებით, უკრაინასთან ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებების დაწყება უნდა ეფუძნებოდეს წევრ ქვეყნებს შორის კონსენსუსს და დღეს ამის პირობები არ არსებობს.

დოკუმენტის მიხედვით, უკრაინასთან მოლაპარაკებების დაწყება არ ემსახურება უნგრეთის ინტერესებს. ტექსტში ასევე არის ჩანაწერი, რომ პარლამენტი გმობს ყოველგვარ პოლიტიკურ თუ ფინანსურ ზეწოლას, რომლის მიზანიც უნგრეთის პოზიციის ცვლილებას ემსახურება.


close დახურვა