logo
ENG



EU-მ რუსეთის დახმარების გამო ბელარუსის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების სია გააფართოვა

29 ივნ 202415:40
3 წუთის საკითხავი
 
2024/06/29/4t7hhwuikq5dlfw.jpg

ევროკავშირის საბჭოს პრესსამსახურის ცნობით, EU-მ უკრაინის წინააღმდეგ ომში რუსეთის დახმარების გამო ბელარუსის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების სია გააფართოვა.

"დღეს, საბჭომ ბელარუსის ეკონომიკის წინააღმდეგ შემაკავებელი ზომები მიიღო, უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის უკანონო, არაპროვოცირებულ და გაუმართლებელ აგრესიულ ომში რეჟიმის მონაწილეობასთან დაკავშირებით", - ნათქვამია განცხადებაში.

როგორც ცნობილია, ახალი სანქციები ბელარუსის ვაჭრობის, მომსახურების სფეროსა და ტრანსპორტის სექტორებს შეზღუდავს და სანქციებისთვის გვერდის ავლას გაართულებს.

ევროკავშირის საბჭოს გადაწყვეტილებით, მოწინავე ტექნოლოგიების ექსპორტის აკრძალვა გაგრძელდება და დამატებითი შეზღუდვები დაწესდება ისეთ საქონელზე, რომელმაც შეიძლება ბელარუსის ინდუსტრიული პოტენციალის გაძლიერებას ხელი შეუწყოს.

ასევე, ბელარუსიდან ოქროსა და ბრილიანტის, ჰელიუმის, ქვანახშირისა და მინერალური პროდუქტების, მათ შორის, ნედლი ნავთობის პირდაპირი ან არაპირდაპირი იმპორტი, შეძენა ან გადატანა აიკრძალება.

ამასთან, EU-ის საბჭო ბელარუსის მთავრობისთვის, საჯარო ორგანოებისთვის, კორპორაციებისთვის ან სააგენტოებისთვის, ან ნებისმიერი ფიზიკური ან იურიდიული პირისთვის, რომელიც მათი სახელით ან მათი დავალებით მოქმედებს, გარკვეული სერვისების მიწოდებას კრძალავს.

 

 

 

 

 

 


close დახურვა