ევროკავშირის მისიის ფარგლებში უკრაინის სამხედრო პერსონალის წვრთნების მეთაური პოლონელი მაიორ-გენერალი პიოტრ ტრიტეკი იქნება. ამის შესახებ ინფორმაციას პოლონეთის თავდაცვის სამინისტრო ავრცელეს.
ტრიტეკი ერაყსა და ავღანეთში მსახურობდა, ის 51 წლისაა.
“ეს დიდი პასუხისმგებლობაა, მაგრამ ეს ასევე საერთაშორისო არენაზე პოლონეთის როლის აღიარებაა” - წერს ტრიტეკი ტვიტერზე.
17 ოქტომბერს გამართულ შეხვედრაზე, ევროკავშირის საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება უკრაინაში სამხედრო დახმარების მისიის შექმნის შესახებ და იარაღის შესაძენად დამატებით 500 მილიონი ევრო გამოყო.
უკრაინის სამხედრო მხარდაჭერის მოთხოვნის საპასუხოდ, მისია გაუწევს ინდივიდუალურ, კოლექტიურ და სპეციალიზებულ წვრთნას უკრაინის შეიარაღებულ ძალებს, მათ შორის ტერიტორიული თავდაცვის ძალებს, ასევე წვრთნაში მონაწილე წევრი სახელმწიფოების საქმიანობის კოორდინაციას.
პროგრამის ფარგლებში ევროკავშირი 15 000 უკრაინელ სამხედროს გაწვრთნის. პროგრამის კოორდინაცია ბრიუსელიდან მოხდება, თუმცა თავად წვრთნები პოლონეთსა და გერმანიაში გაიმართება.
მანამდე დიდმა ბრიტანეთმა განაცხადა, რომ უკრაინელი სამხედროების წვრთნების პროგრამის ფარგლებში, ისინი ყოველწლიურად 10 000 უკრაინელ ჯარისკაცს გაწვრთნიან.