logo
ENG



EU-ს წარმომადგენლობა: კვლავ ვგმობთ რუსეთის მიერ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის აღიარებას

07 აგვ 202210:46
3 წუთის საკითხავი
 

საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობა აცხადებს, რომ კვლავ გმობს რუსეთის მიერ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების დამოუკიდებლობის აღიარებას, ამ ტერიტორიებზე რუსეთის სამხედრო ძალების ყოფნას და რუსეთის მიერ 2008 წლის 12 აგვისტოს ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების დარღვევას.

აგვისტოს ომის 14 წლისთავთან დაკავშირებით ევროკავშირის წარმომადგენლის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელმა განცხადება გაავრცელა.

განცხადებაში წერია, რომ ევროკავშირი მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს დამოუკიდებლობას, სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას და აცხადებს, რომ საქართველოში კონფლიქტით დაზარალებული ადამიანების უფლებები კვლავ ირღვევა.

საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლის თქმით, აგვისტოს ომისას ადამიანის უფლებების ყველა დარღვევა სათანადოდ უნდა იყოს გამოძიებული, რათა დამნაშავეებმა პასუხი აგონ.

ევროკავშირი ასევე გმობს უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიას. 

ევროკავშირის წარმომადგენლობის განცხადებას უცვლელად გთავაზობთ: 

"რუსეთსა და საქართველოს შორის 2008 წლის აგვისტოს ომიდან 14 წელი გავიდა. ევროკავშირი ერთხმად უმკაცრესად გმობს უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის საფუძველმოკლებულ და გაუმართლებელ აგრესიულ ომს, ასევე კვლავ ვგმობთ რუსეთის მიერ საქართველოს რეგიონების აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის აღიარებას და ამ ტერიტორიებზე მისი სამხედრო ძალების ყოფნის გაგრძელებას. ეს არის როგორც საერთაშორისო სამართლის, ასევე 2008 წლის 12 აგვისტოს ხელშეკრულებით რუსეთის მიერ ნაკისრი ვალდებულებების დარღვევა.

კონფლიქტით დაზარალებული მოსახლეობის ადამიანის უფლებები ისევ ირღვევა, მათ შორის ე.წ. "ბორდერიზაციის", გადაკვეთის პუნქტების დახურვისა და უკანონო დაკავებების საშუალებით. მათი გადაადგილების თავისუფლების შეზღუდვა უნდა შეწყდეს. კვლავ მოვუწოდებთ ანგარიშვალდებულებისკენ, მათ შორის წარსულში ჩადენილ ადამიანის უფლებების ყველა დარღვევის სანდო გამოძიების გზით, რათა დამნაშავეებმა პასუხი აგონ, მსხვერპლებისთვის სამართლიანობა აღდგეს და უზრუნველყოფილი იყოს რუსეთის ფედერაციის მიერ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2021 წლის 21 იანვრის ისტორიული მნიშვნელობის მქონე გადაწყვეტილების სათანადო შესრულება.
კვლავ სრულად მხარს ვუჭერთ კონფლიქტების მოგვარებას, მათ შორის, ჟენევის საერთაშორისო დისკუსიებში თანათავმჯდომარის რანგში ევროკავშირის ჩართულობის, სამხრეთ კავკასიასა და საქართველოში კრიზისის საკითხებში ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენლის საქმიანობის, და ადგილზე უწყვეტად მყოფი ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მუშაობის საშუალებით. ვადასტურებთ ევროკავშირის მხრიდან საქართველოს დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მტკიცე მხარდაჭერას ქვეყნის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში" - წერია განცხადებაში. 
 

2008 წლის 7 აგვისტოს, რუსეთ-საქართველოს მრავალწლიანი კონფლიქტი რუსეთის ღია სამხედრო აგრესიაში გადაიზარდა, რასაც ასეულობით ადამიანის მსხვერპლი, ეთნიკური წმენდა და რუსეთის მიერ საქართველოს ორი რეგიონის ოკუპაცია მოჰყვა.

რუსული საოკუპაციო ძალების ინტერვენციების შედეგად საქართველოს 228 მშვიდობიანი მოქალაქე, 170 სამხედრო და 14 პოლიციელი დაიღუპა. საკუთარი საცხოვრებელი 150 ათასმა ადამიანმა დატოვა, მათი დიდი ნაწილი კვლავ დევნილია. 

2008 წლის 12 აგვისტოს გაფორმდა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება, რომელსაც რუსეთი ამ დრომდე არღვევს. 6-პუნქტიანი გეგმა, მათ შორის, იმასაც გულისხმობს, რომ საქართველოს შეიარაღებული ძალები უნდა დაბრუნდნენ მათი ჩვეულებრივი დისლოკაციის ადგილებში; თუმცა, რუსეთის საოკუპაციო რეჟიმის გამო ეს ვერ ხერხდება. რუსეთი აგრძელებს მცოცავ ოკუპაციას, ავლებს მავთულხლართებს, იტაცებს მიწებს, მოსახლეობის საქონელს და თავად ადამიანებსაც. 


close დახურვა