საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობა "სამართლიანი არჩევნების" [ISFED] განცხადებას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ყველა შესაბამის არასამთავრო ორგანიზაციას საშუალება უნდა მიეცეს, მონაწილეობა მიიღოს სამუშაო ჯგუფებში, რომლებიც საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მოსაპოვებლად ევროკავშირის მიერ გაცემული რეკომენდაციების შესასრულებლად არის შექმნილი.
"მოვუწოდებთ საქართველოს ყველა დაინტერესებულ მხარეს, უზრუნველყოს, რომ ყველა შესაბამისი არასამთავრობო ორგანიზაცია მოწვეული იყოს და მიეცეს შესაძლებლობა არსებითი მონაწილეობა მიიღოს ყველა სამუშაო ჯგუფის საქმიანობაში, საარჩევნო რეფორმაზე მომუშავე ჯგუფის ჩათვლით. #10 პრიორიტეტი სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების გადაწყვეტილებათა მიღების პროცესში ჩართულობასთან დაკავშირებით განსაკუთრებით შეესაბამება პარლამენტში მიმდინარე მუშაობას."- წერია განცხადებაში.
18 აგვისტოს, მმართველმა გუნდმა საარჩევნო კოდექსის გადასინჯვის საკითხზე შექმნილ სამუშაო ჯგუფის შეხვედრაზე სამართლიანი არჩევნები (ISFED) არ მიიწვია.
ამის მიზეზად ჯგუფის ხელმძღვანელმა გივი მიქანაძემ ორგანიზაციის "არანეიტრალურობა" დაასახელა. მისი თქმით, ISFED-მა ნეიტრალიტეტი დაკარგა, როცა პრემიერმინისტრის პოსტიდან ირაკლი ღარიბაშვილის გადადგომა მოითხოვა.
სამართლიანი არჩევნების (ISFED) აღმასრულებელი დირექტორის, ნინო დოლიძის განცხადებით, მმართველი პარტიის მიერ ორგანიზაციის დაბლოკვა საარჩევნო სამუშაო ჯგუფში მონაწილეობისგან, სამოქალაქო ორგანიზაციის უფლებების შეზღუდვა და დევნაა.
ნინო დოლიძე ამბობს, რომ მისთვის მიუღებელია ხელისუფლების არგუმენტი, პოლიტიკური მიკერძოების შესახებ, რადგან "სამართლიანი არჩევნები" არასდროს ყოფილა არცერთ პოლიტიკურ მხარეს.