logo
ENG



EU: გვარამიას საქმესთან დაკავშირებით კითხვები დაისვა, მათ შორის სახალხო დამცველის მიერ

02 ნოე 202223:13
3 წუთის საკითხავი
 
2022/11/02/xaev0w61td9blli.jpg

ევროკომისიის საგარეო ქმედებათა სამსახური მთავარი არხის დამფუძნებლის, ნიკა გვარამიას საქმესთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს - პრესსპიკერის თქმით, გვარამიას საქმესთან დაკავშირებით კითხვები დაისვა, მათ შორის ომბუდსმენის მხრიდან.

"ევროკავშირი ამ საქმეს ყურადღებით აკვირდება - ევროკავშირი კომენტარს არ აკეთებს ცალკეული სასამართლო საქმეების არსზე, თუმცა კიდევ ერთხელ აღვნიშნავთ, რომ ამ საქმესთან დაკავშირებით კითხვები დაისვა, მათ შორის სახალხო დამცველის მიერ. ამ კუთხით, შეგახსენებთ, რომ "უფრო ძლიერი ძალისხმევა თავისუფალი, პროფესიული, პლურალისტური და დამოუკიდებელი მედიაგარემოს უზრუნველსაყოფად, განსაკუთრებით იმისათვის, რომ მედიის მფლობელთა წინააღმდეგ მიმართული სისხლის სამართლებრივი პროცედურები აკმაყოფილებდეს უმაღლეს იურიდიულ სტანდარტებს" ევროკომისიის მიერ განსაზღვრულ ერთ-ერთ პრიორიტეტს წარმოადგენს.", - ნათქვამია განცხადებაში.

განცხადებაში აღნიშნულია, რომ ევროკავშირი გააგრძელებს საქართველოს ხელისუფლების მხარდაჭერას სასამართლო სისტემის რეფორმაში, რის ფარგლებშიც ყურადღება გამახვილდება დამოუკიდებლობის, გამჭვირვალობისა და სასამართლო პროცედურების ხარისხზე, რომელიც კანონის უზენაესობის დასაცავად აუცილებელია.

სააპელაციო სასამართლომ ნიკა გვარამია დამნაშავედ ცნო და პატიმრობაში დატოვა. გადაწყვეტილება მოსამართლეთა კოლეგიამ დღეს გამოაცხადა.

სასამართლომ გვარამია გარდა ავტომობილის ეპიზოდისა, დამნაშავედ ცნო სარეკლამო შემოსავლების ეპიზოდზეც და თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. თუმცა, სასჯელის შთანთქმის პრინციპის გათვალისწინებით, თანაბარი სასჯელებიდან ერთმა შთანთქა მეორე და თავისუფლების აღკვეთა 3 წლისა და 6 თვის ვადით მიესაჯა.


close დახურვა