logo
ENG



EU:დანაშაულების ჩამდენი, ხელისუფლების და სამხედრო წრეების პასუხისმგებელი პირები დაისჯებიან

04 აპრ 202213:51
3 წუთის საკითხავი
 
2022/04/04/8hc4x0ua7eeqzpp.jpg

ევროკავშირის აცხადებს, რომ გმობს ბუჩასა და უკრაინის სხვა ქალაქებში ჩადენილი რუსეთის სისასტიკეს.

"დიდი რაოდენობით მშვიდობიანი მოქალაქეების დაღუპვისა და მსხვერპლის შემზარავი სურათები, ისევე როგორც სამოქალაქო ინფრასტრუქტურის განადგურება, აჩვენებს რუსეთის სასტიკი აგრესიული ომის ნამდვილ სახეს, რომელსაც რუსეთი აწარმოებს უკრაინისა და უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ. ქალაქ ბუჩასა და უკრაინის სხვა ქალაქებში მომხდარი ხოცვა-ჟლეტა ევროპის მიწაზე ჩადენილი ბოროტმოქმედების სიაში ჩაიწერება."

ევროკავშირის განცხადებით რუსეთის ხელისუფლება პასუხისმგებელია  სისასტიკეებზე, რომლებიც ჩადენილია მაშინ, როცა მათ ჰქონდათ ეფექტური კონტროლი ამ ტერიტორიაზე. ისინი ექვემდებარებიან ოკუპაციის საერთაშორისო კანონს.

"ომის დანაშაულებისა და სხვა სერიოზული დარღვევების ჩამდენი, ასევე პასუხისმგებელი ხელისუფლების წარმომადგენლები და სამხედრო ლიდერები პასუხს აგებენ. ევროკავშირი მხარს უჭერს ყველა ზომას რუსეთის შეიარაღებული ძალების მიერ უკრაინაში ადამიანის უფლებების დარღვევისა და საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის დარღვევისთვის პასუხისმგებლობის უზრუნველსაყოფად."

ევროკავშირმა მხარდაჭერა გამოუცხადა საერთაშორისო სასამართლოს პროკურორის მიერ დაწყებულ გამოძიებას ომისა და კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულებზე, ისევე როგორც OHCHR-ის [უმაღლესი კომისრის ადამიანის უფლებათა ოფისი] საგამოძიებო კომისიის მუშაობას. განცხადებაში ასევე წერია, რომ ევროკავშირი ეხმარება უკრაინის გენერალურ პროკურორს და სამოქალაქო საზოგადოებას, რომელიც ორიენტირებულია ომის დანაშაულების მტკიცებულებების შეგროვებასა და შენარჩუნებაზე.

"ჩვენ სრულ სოლიდარობას ვუცხადებთ უკრაინასა და უკრაინელ ხალხს მთელი მსოფლიოსთვის ამ საშინელ საათებში. ევროკავშირი გააგრძელებს უკრაინის მტკიცე მხარდაჭერას და, სასწრაფოდ, განაგრძობს მუშაობას რუსეთის წინააღმდეგ შემდგომ სანქციებზე.

პრეზიდენტმა პუტინმა დაუყოვნებლივ და უპირობოდ უნდა შეწყვიტოს ეს ომი."- განაცხადა ევროკავშირმა.  

შეგახსენებთ, რომ 3 აპრილს უკრაინის ინფორმაციით, რუსმა სამხედროებმა მხოლოდ ბუჩაში 300-ზე მეტი უკრაინელი მშვიდობიანი მოქალაქე მოკლეს. 

მარიუპოლი ჯერაც ალყაშია, სადაც ხალხი სარდაფებში, შიმშილით და უწყლობით იხოცება. მათ ნაწილს რუსი ჯარისკაცები თავისივე სახლებში კლავენ. 


close დახურვა