logo
ENG



EU აცხადებს, რომ ღაზაში სურსათზე, წყალსა და მედიკამენტებზე წვდომა უნდა ჰქონდეთ

12 ოქტ 202317:13
3 წუთის საკითხავი
 
2023/10/12/dy0z6ldfn5i9uco.jpg

ევროკომისიის სპიკერმა დღეს გამართულ ბრიფინგზე აღნიშნა, რომ ისრაელს აქვს უფლება, დაიცვას თავი, თუმცა ეს საერთაშორისო, მათ შორის ჰუმანიტარული სამართლის შესაბამისად უნდა მოხდეს. მისი თქმით, ღაზის სექტორში მცხოვრებებს უფლება აქვთ, საკვებზე, წყალსა და მედიკამენტებზე ჰქონდეთ წვდომა. 

"ეს არის ევროკავშირის ძალიან მკაფიო პოზიცია, რომელიც გავიმეორებთ როგორც საჯაროდ, ასევე, ადგილზე ჩვენს პარტნიორებთან ურთიერთობისას", - განაცხადა მან. 

სპიკერის თქმითვე, მუშაობენ საერთაშორისო პარტნიორებთან, რათა დარწმუნდნენ, რომ მძევლები რაც შეიძლება მალე გათავისუფლდებიან. ასევე, ხაზი გაუსვა, რომ ჰამასის ქმედებები ადამიანების გატაცებაზე არა მხოლოდ საერთაშორისო სამართალს, არამედ ყოველგვარ ცივილიზებულ ნორმას ეწინააღმდეგება. 

ამასთან, აღნიშნა, რომ ის ისრაელის წინააღმდეგ ენითაუწერელი სისასტიკე განხორციელდა და რასაც ღაზაში ვხედავთ, ჰამასის ქმედებების პირდაპირი შედეგია. 

დღეს ისრაელის ენერგეტიკის მინისტრმა განაცხადა, რომ ღაზის სექტორში ელექტროენერგიას იქამდე არ აღადგენენ, სანამ მძევლები არ გათავისუფლდებიან. 

7 ოქტომბერს ღაზის სექტორიდან ისრაელის მიმართულებით ათობით რაკეტა გაუშვეს. ქვეყნის მასშტაბით განგაშის სირენები ამოქმედდა. თავდასხმაზე პასუხისმგებლობა პალესტინურმა დაჯგუფება ჰამასმა აიღო და თქვა, რომ 20 წუთში 5 000 რაკეტა გამოიყენეს.  

გავრცელებულ შეტყობინებაში, ჰამასის სამხედრო მეთაურმა, მოჰამედ დეიფმა ამას ოპერაცია "ალ-აკსას წარღვნა" უწოდა და პალესტინელებს შეერთებისკენ მოუწოდა.

ისრაელის შეიარაღებულმა ძალებმა ჰამასის წინააღმდეგ საპასუხო დარტყმები განახორციელეს - მათ სამხედროების მობილიზება დაიწყეს და "საომარი მდგომარეობის" შესახებ გაფრთხილება გამოაცხადეს. 

ისრაელის პრემიერმინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ ამას ომი უწოდა - მისი თქმით, წინ ხანგრძლივი ბრძოლა ელით, თუმცა ისრაელი ომს მოიგებს, ხოლო ჰამასი პასუხს აგებს ამ ქმედებებისთვის.

სარაკეტო იერიშის პარალელურად ჰამასის მებრძოლები ისრაელში შეიჭრნენ. მათ ღაზის სექტორთან, სასაზღვრო ღობე რამდენიმე ადგილას დააზიანეს დაა ისრაელის ტერიტორიაზე სახმელეთო, საჰაერო და სასაზღვრო გზებით მოხვდნენ. თვითმხილველები ყვებიან, რომ ჰამასელი ტერორისტები დასახლებებში ხალხს ესროდნენ, აჰყავდათ მძევლები და ღაზაში მიჰყავდათ. სოციალურ ქსელებში ქუჩაში ბრძოლებისა და მოსახლეობასთან სასტიკი მოპყრობის არაერთი კადრი გავრცელდა. 

ტერორისტული დაჯგუფება მძევლების მოკვლით იმუქრება, თუ ისრაელი ღაზის სექტორზე იერიშს გაუფრთხილებლად მიიტანს. ამასთან, დაჯგუფების მაღალჩინოსანმა 10 ოქტომბერს განაცხადა, რომ ჰამასმა "თავის მიზნებს მიაღწია" და "ისრაელთან შესაძლო ზავის განხილვისთვის ღიაა". 

ბოლო მონაცემებით, ჰამასს დაახლოებით 150 ადამიანი ჰყავს მძევლად აყვანილი.

 

 

 

close დახურვა