logo
ENG



EU საჰაერო ხიდს ხსნის, რომლითაც ეგვიპტის გავლით ჰუმანიტარულ დახმარებას ღაზაში ჩაიტანს

17 ოქტ 202312:30
3 წუთის საკითხავი
 

ევროკავშირი საჰაერო ხიდს ხსნის, რომლითაც ეგვიპტის გავლით ჰუმანიტარულ დახმარებას ღაზაში ჩაიტანს. ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა განაცხადა.

"ასეთი საშინელების ფონზე, ისრაელს აქვს უფლება, დაიცვას თავი ჰუმანიტარული და საერთაშორისო სამართლის ნორმების მიხედვით. ახლა პალესტინელები ღაზაში ჰუმანიტარულ დახმარებას საჭიროებენ. მათ არ უნდა გადაიხადონ ფასი ჰამასის ბარბაროსობისთვის.

სწორედ ამიტომ, ევროკომისიამ ჰუმანიტარული დახმარება გაასამმაგა 75 მილიონ ევრომდე. ჩვენ ვხსნით ჰუმანიტარულ საჰაერო ხიდს ღაზისკენ ეგვიპტის გავლით. პირველი ორი რეისი ამ კვირაში შესრულდება და ღაზაში ჰუმანიტარულ ტვირთს ჩაიტანს", - თქვა ევროკომისიის პრეზიდენტმა.

ჰამასმა 7 ოქტომბერს მოულოდნელი თავდასხმის დროს დაახლოებით 150 მძევალი აიყვანა და ღაზაში გადაიყვანა. ის დაემუქრა მძევლების მოკვლით, თუ ისრაელის მიერ მშვიდობიანი მოსახლეობის სახლები გაფრთხილების გარეშე დაიბომბება. ბოლო ცნობებით, როგორც ტერორისტული დაჯგუფება ჰამასი აცხადებს, 200-დან 250-მდე ადამიანი მძევლად ჰყავთ აყვანილი.

***

7 ოქტომბერს ღაზის სექტორიდან ისრაელის მიმართულებით ათობით რაკეტა გაუშვეს. ქვეყნის მასშტაბით განგაშის სირენები ამოქმედდა. თავდასხმაზე პასუხისმგებლობა პალესტინურმა დაჯგუფება ჰამასმა აიღო და თქვა, რომ 20 წუთში 5 000 რაკეტა გამოიყენეს.  

გავრცელებულ შეტყობინებაში, ჰამასის სამხედრო მეთაურმა, მოჰამედ დეიფმა ამას ოპერაცია "ალ-აკსას წარღვნა" უწოდა და პალესტინელებს შეერთებისკენ მოუწოდა.

ისრაელის შეიარაღებულმა ძალებმა ჰამასის წინააღმდეგ საპასუხო დარტყმები განახორციელეს - მათ სამხედროების მობილიზება დაიწყეს და "საომარი მდგომარეობის" შესახებ გაფრთხილება გამოაცხადეს. 

ისრაელის პრემიერმინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ ამას ომი უწოდა - მისი თქმით, წინ ხანგრძლივი ბრძოლა ელით, თუმცა ისრაელი ომს მოიგებს, ხოლო ჰამასი პასუხს აგებს ამ ქმედებებისთვის.


close დახურვა