logo
ENG



EU ხელისუფლებას და პარტიებს მოუწოდებს, II ტურისთვის სამართლიანი საარჩევნო პროცესი უზრუნველყონ

04 ოქტ 202101:17
3 წუთის საკითხავი
 
EU ხელისუფლებას და პარტიებს მოუწოდებს, II ტურისთვის სამართლიანი საარჩევნო პროცესი უზრუნველყონ

საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობა ადგილობრივი არჩევნების პირველი ტურის შემდეგ განცხადებას ავრცელებს. განცხადებიდან ვკითხულობთ, რომ ევროკავშირი მოუწოდებს როგორც ხელისუფლებას, ისე პოლიტიკურ პარტიებს, რომ "სასწრაფოდ განახორციელონ დამატებითი ძალისხმევა სამართლიანი საარჩევნო პროცესის უზრუნველსაყოფად".

ევროკავშირის წარმომადგენლობა სადამკვირვებლო მისიაზე დაყრდნობით აცხადებს, რომ არჩევნები ზოგადად კარგად იყო ადმინისტრირებული - თუმცა გამძაფრებული პოლარიზაციით ხასიათდებოდა. ამასთან, ევროკავშირი ხაზს უსვამს იმ დარღვევებს, რომელიც საარჩევნო დღეს გამოვლინდა:

"მისიამ დაასკვნა, რომ არჩევნები ზოგადად კარგად იყო ადმინისტრირებული - თუმცა გამძაფრებული პოლარიზაციით ხასიათდებოდა. საარჩევნო სუბიექტებს შესაძლებლობა ჰქონდათ საარჩევნო კამპანია თავისუფლად და კონკურენტულ გარემოში წარემართათ და რომ არჩევნების დღე მოწესრიგებულად და გამჭვირვალედ მიმდინარეობდა. მან ასევე ხაზი გაუსვა მნიშვნელოვან ხარვეზებს, განსაკუთრებით დაშინების, ამომრჩეველთა მოსყიდვისა და კანდიდატებსა და ამომრჩევლებზე განხორციელებული ზეწოლის ფაქტების შესახებ ფართოდ გავრცელებულ და თანმიმდევრულ განცხადებებს და არათანასწორ საასპარეზო პირობებს. გარდა ამისა, რესურსებს შორის მნიშვნელოვანი დისბალანსი, კამპანიის დაფინანსების არასაკმარისი მონიტორინგი და ხელისუფლებაში ყოფნით მინიჭებული უპირატესობა მმართველ პარტიას აძლევდა ხელს. საარჩევნო კამპანიაში ქალთა არასაკმარისი წარმომადგენლობა ადასტურებს, რომ საჭიროება უფრო მეტი ვალდებულების აღება პოლიტიკაში ადეკვატური წარმომადგენლობის უზრუნველსაყოფად".

ევროკავშირის წარმომადგენლობა, ასევე, აღნიშნავს, რომ წინასაარჩევნოდ მიღებულმა ცვლილებებმა სამართლებრივი ბაზა არსებითად გააუმჯობესა. თუმცა, მნიშვნელოვანი იქნება ოდირის ყველა გაუთვალისწინებელი რეკომენდაციის ინკლუზიურად გათვალისწინება, მათ შორის, მათი, რომელიც შეეხება ხმის მიცემის უფლების შეზღუდვას, საარჩევნო დავის გადაწყვეტის ზოგიერთ ასპექტს და სახელმწიფო რესურსების ბოროტად გამოყენებასთან ბრძოლის შემდგომ ზომებს. განცხადებაში ვკითხულობთ, რომ სასამართლო სისტემის "ჭეშმარიტი რეფორმა" აუცილებელია საარჩევნო საჩივრების განხილვის მიმართ ნდობის გასაზრდელად.

ევროკავშირი ხაზს უსვამს, რომ მიმდინარე პოლარიზაცია უარყოფითად აისახება დემოკრატიაზე და ამ საკითხის მოგვარებაზე პასუხისმგებლობა ყველა მხარეს ეკისრება.

"არჩევნების მეორე ტურთან დაკავშირებით, ევროკავშირი მოუწოდებს ხელისუფლებას და ყველა პოლიტიკურ პარტიას სასწრაფოდ განახორციელონ დამატებითი ძალისხმევა სამართლიანი საარჩევნო პროცესის უზრუნველსაყოფად. ზემოხსენებული არაკეთილსინდისიერი პრაქტიკა ნორმად არ უნდა იქცეს. ასევე, ველოდებით სანდო და სწრაფ გამოძიებას ყველა საჩივართან დაკავშირებით, მათ შორის ჟურნალისტების მიმართ დაშინებისა და ძალადობის ჩათვლით", - ვკითხულობთ განცხადებაში.


close დახურვა