Edison Research-ის საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის თანახმად, მოსახლეობის 46% სრულიად არ ეთანხმება ქართული ოცნების მიერ მიღებულ კანონს კარვების შესახებ, 16% კი ნაწილობრივ არ ეთანხმება.
კითხვაზე, ქართულმა ოცნებამ ახლახანს მიიღო კანონი, რომელიც კრძალავს კარვების გაშლას და დროებითი კონსტრუქციების დადგმას საპროტესტო აქციებზე. რას ფიქრობთ ამ კანონზე, პასუხები ასე გადანაწილდა:
- სრულიად ვეთანხმები - 24%
- ნაწილობრივ ვეთანხმები - 14%
- ნაწილობრივ არ ვეთანხმები - 16%
- სრულიად არ ვეთანხმები - 46%
საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვა ტელეკომპანია ფორმულას დაკვეთით ავტორიტეტულმა საერთაშორისო კვლევითმა კომპანიამ Edison Research-მა ჩაატარა.
კვლევის ფარგლებში, პირისპირი გამოკითხვის მეთოდით, ქვეყნის მასშტაბით შემთხვევითი შერჩევით გამოიკითხა საქართველოში მცხოვრები 1000 საარჩევნო უფლების მქონე 18 წლისა და მეტი ასაკის ადამიანი.
ცდომილება არის +/- 3%, 95%-იანი სანდოობის დონისთვის. საველე სამუშაოები მიმდინარეობდა 2023 წლის 20 ოქტომბერი 6 ნოემბრის პერიოდში.
***
პარლამენტის პლენარულ სხდომაზე შეკრებისა და მანიფესტაციის კანონში ცვლილებები მე-3 მოსმენით 5 ოქტომბერს მიიღეს. შეკრებისა და მანიფესტაციების შესახებ კანონპროექტში ცვლილებებს პარლამენტში ორი დღის განმავლობაში დაჩქარებული წესით განიხილავდნენ.
ცვლილებების მიხედვით, საპროტესტო აქციებზე კარვებისა და დროებითი კონსტრუქციების მოწყობა აიკრძალება "თუ მისი მოწყობა საფრთხეს უქმნის შეკრების, ან მანიფესტაციის მონაწილეებს ან სხვა პირებს; ხელს უშლის პოლიციის მიერ საზოგადოებრივი წესრიგისა და უსაფრთხოების დაცვას; იწვევს საწარმოს, დაწესებულების ან ორგანიზაციის ნორმალური ფუნქციონირების შეფერხებას; შეკრების ან მანიფესტაციის ჩატარებას არ უკავშირდება". დაუმორჩილებლობის შემთხვევაში ჯარიმა 500 ლარია, ხოლო მკაცრი მიდგომისას 15 დღემდე თავისუფლების აღკვეთაა.
კანონპროექტში ოცნების დეპუტატები აზუსტებენ, რომ თუ კანონდამრღვევი ორგანიზატორი აღმოჩნდება, მაშინ მას დანაშაულის გამოსყიდვა მეტად მკაცრი - 5 000 ლარიანი ჯარიმით ან 15-დღიანი პატიმრობით მოუწევს.
კანონპროექტის განმარტებით ბარათში რეგულაციების გამკაცრების მიზეზად 18 სექტემბერს, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ გაკეთებული განცხადებაა მოყვანილი. სუს-ის მტკიცებით, გარკვეული ჯგუფები საქართველოში "ოქტომბერ-დეკემბერში დესტაბილიზაციას და ე.წ. კარვების ქალაქის გაშენებას გეგმავდნენ".
კანონპროექტის ავტორი და ინიციატორები არიან ქართული ოცნების დეპუტატები: ანრი ოხანაშვილი, ირაკლი ბერაია, გივი მიქანაძე, რატი იონათამიშვილი, ირაკლი შატაკიშვილი, თენგიზ შარმანაშვილი და ალექსანდრე ტაბატაძე.
არასამთავრობო ორგანიზაციები და ოპოზიციის წარმომადგენლები კანონპროექტს აკრიტიკებენ და აცხადებენ, რომ კანონის მიღების შემთხვევაში სამოქალაქო უფლებები კიდევ უფრო შეიზღუდება.
13 ოქტომბერს, პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა კანონს ვეტო დაადო.