რუსეთის ფედერალური უსაფრთხოების სამსახური (FSB) ამტკიცებს, რომ შეაჩერეს უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს საქმიანობა, რომელიც ყირიმის ტერიტორიაზე "დივერსიული და ტერორისტული აქტების" სერიის განხორციელებას გეგმავდა.
FSB-ის განცხადებით, უკრაინას ასაფეთქებელი ნივთიერებები და ასაფეთქებელი მოწყობილობების შენიღბული ნაწილები სპეცსამსახურების ორგანიზებით, ბულგარეთიდან საქართველოსა და თურქეთის გავლით გადაჰქონდა. მათი თქმით, საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად დაკავებულია 7 ადამიანი, რომელთა შორის უკრაინის და რუსეთის მოქალაქეებიც არიან. ამასთან, FSB აცხადებს, რომ ჩხრეკის დროს აღმოჩენილია 5 ასაფეთქებელი მოწყობილობა.
რუსეთის მტკიცებითვე, იგეგმებოდა ყირიმის ე.წ. მეთაურზე, სერგეი აკსენოვზე თავდასხმაც - მათი თქმით, ამის ორგანიზებაში მჭიდრო კავშირი აქვს უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის ხელმძღვანელს, კირილ ბუდანოვს.