logo
ENG



Financial Times: EU გაყინავს საქართველოს განაცხადს გაწევრიანებაზე, თუ კანონს მიიღებენ

16 მაი 202413:33
3 წუთის საკითხავი
 
Financial Times: EU გაყინავს საქართველოს განაცხადს გაწევრიანებაზე, თუ კანონს მიიღებენ
ზაქარია მურმანიშვილი/ფორმულა

გამოცემა Financial Times საქართველოში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით სტატიას აქვეყნებს და წერს, რომ "ევროკავშირი გაყინავს საქართველოს განაცხადს წევრობაზე, თუ თბილისი მიიღებს სადავო კანონს "უცხოელ აგენტებზე", რომელიც კრიტიკოსების თქმით, ვლადიმერ პუტინის რუსეთით არის შთაგონებული".

გამოცემა წერს, რომ ერთ თვიანი დემონსტრაციებისა და ბრიუსელიდან არაერთი გაფრთხილების მიუხედავად, მმართველმა პარტიამ სამშაბათს კანონპროექტი მესამე მოსმენით მიიღო. Financial Times ევროკავშირიდან 3 წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ თუ კანონი ძალაში შევა, EU-ის გადაწყვეტილება გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების დაწყების შესახებ, სავარაუდოდ, განუსაზღვრელი ვადით გადაიდება.

"ჩვენ ძალიან მკაფიოდ განვაცხადეთ", "ეს ყველაფერს აპაუზებს" - უთხრა გამოცემას ერთ-ერთმა წყარომ, რომელიც ინფორმირებულია დისკუსიების შესახებ, რომელიც საქართველოსა და EU-ის ოფიციალურ პირებს შორის ბოლო დღეების განმავლობაში გაიმართა.

"[საქართველოს ხელისუფლებამ] იცის, რა დევს ფსონზე" - ეუბნება წყარო გამოცემას.

სტატიაში საუბარია საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მონიჭებაზეც და აღნიშნულია, რომ შემდგომი ნაბიჯია ევროკომისიის მიერ ოფიციალური რეკომენდაციის მინიჭება EU-ის სახელმწიფოებისთვის, მწვანე შუქი აუნთონ მოლაპარაკებების დაწყებას წევრობაზე, ეს ნაბიჯი კი რიგი რეფორმებითაა განპირობებული.

Financial Times-თან ოფიციალური პირები ამბობენ, რომ ბრიუსელმა მკაფიო მინიშნება უკვე გააკეთა, რომ იმ შემთხვევაში თუ კანონს მიიღებენ, კომისია არ გასცემს საქართველოსთან გაწევრიანების საკითხზე მოლაპარაკების დაწყების რეკომენდაციას.

სტატიაში ნახსენებია ევროკომისიის განცხადებაც, რომელიც ოთხშაბათს გამოქვეყნდა. ევროკომისიაში ამბობენ, რომ კანონის მიღება ნეგატიურად აისახება საქართველოს პროგრესზე ევროკავშირის გზაზე. მან დასძინა, რომ ბლოკმა "არაერთხელ და მკაფიოდ განაცხადა, რომ კანონპროექტის სულისკვეთება და შინაარსი არ შეესაბამება ევროკავშირის ნორმებსა და ფასეულობებს".


close დახურვა