logo
ENG



Foreign Policy: კონგრესი საქართველოს პოლიტპატიმრების გათავისუფლებისკენ მოუწოდებს

22 აპრ 202313:08
3 წუთის საკითხავი
 
VANO SHLAMOV/AFP VIA GETTY IMAGES

Foreign Policy საქართველოს შესახებ სტატიას აქვეყნებს და აღნიშნავს, რომ კონგრესი მთავრობას პოლიტპატიმრების გათავისუფლებისკენ მოუწოდებს. ავტორი საქართველოს მთავრობას პრორუსულად მოიხსენიებს და აღნიშნავს, რომ ეს მოთხოვნა რუსული კანონის აქციების დარბევიდან ერთ თვეში ჟღერდება.

სტატიაში საუბარია საქართველოს პრეზიდენტისადმი ჰელსინკის კომისიის მოწოდებაზეც, რომ გამოიყენოს შეწყალების უფლებამოსილება და ქვეყნის ევროინტეგრაციის მხარდასაჭერად პოლიტიკური პატიმრები გაათავისუფლოს. ავტორის განცხადებით, ხუთშაბათს ზურაბიშვილისთვის გაგზავნილ წერილში, კომისიის ლიდერები, ჯო უილსონი და სენატორი ბენ კარდინი, სტივ კოენთან და როჯერ უიკერთან ერთად, პრეზიდენტს ოპოზიციური ტელევიზიის მფლობელის, ნიკა გვარამიას გათავისუფლებისკენ მოუწოდებენ.

წერილში აშშ-ის კანონმდებლები მიუთითებენ, რომ ზურაბიშვილი, როგორც საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციისა და მისი დემოკრატიის ხმამაღალი დამცველი, ერთი შეხედვით პოლიტიკურად მოტივირებული საქმეების აღმოფხვრით მნიშვნელოვან ნაბიჯს გადადგამს ამ გზაზე.

ავტორის თქმით, ზურაბიშვილი წინააღმდეგობაშია საქართველოს მთავრობის დიდ ნაწილთან, რომელიც ბოლო დროს მოსკოვისკენ გადაიხარა. ის აღნიშნავს, რომ ზურაბიშვილმა დადო პირობა, ვეტოს დაადებდა საქართველოს პრორუსული მმართველი პარტიის კანონს, რომელიც გარკვეული უცხოური დაფინანსების მიმღებ არჩევნების დამკვირვებლებს, კორუფციის მეთვალყურეებსა და დამოუკიდებელ მედიასაშუალებებს "უცხოურ აგენტად" რეგისტრაციას მოსთხოვდა.

"თქვენი პრეზიდენტობის განმავლობაში იყავით პირდაპირი და პრინციპული ლიდერი საქართველოს დემოკრატიის, ევროატლანტიკური ინტეგრაციისა და ადამიანის უფლებების. ამრიგად, ჩვენ გვჯერა, რომ საქართველოს პოლიტიკური სასამართლო დევნის წრის გარღვევა, როგორიცაა ბატონი გვარამიას გათავისუფლების უზრუნველყოფა, არა მხოლოდ მნიშვნელოვანი ჰუმანიტარული ჟესტი და უსამართლობის გამოსწორებაა, არამედ გადამწყვეტი ნაბიჯია ქართველებისთვის მეტად დამსახურებული ევროკავშირის კანდიდატურის უზრუნველსაყოფად", - ნათქვამია წერილში.

სტატიაში აღნიშნულია, რომ გვარამია არ არის ერთადერთი გახმაურებული პატიმარი და საუბარია ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილზეც. ავტორი მიუთითებს, რომ მართალია, ზურაბიშვილმა სააკაშვილის შეწყალება გამორიცხა, მსგავსი განცხადება გვარამიასთან დაკავშირებით არ გაუკეთებია. აქვე მოყვანილია Human Rights Watch-ისა და Amnesty International-ის განცხადებები დამძიმებული ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნასთან დაკავშირებით.


close დახურვა