logo
ENG



FreeUni: წლებია ვეწევით და გავაგრძელებთ სტუდენტების განათლების მხარდაჭერას შიდა რესურსით

20 სექ 202323:02
3 წუთის საკითხავი
 
2023/09/20/rttwe9mmd99z25a.jpg
თავისუფალი უნივერსიტეტი

კახა ბენდუქიძის ცოდნის ფონდის მიერ დაფუძნებული თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტი, საქართველოს აგრარულ უნივერსიტეტთან ერთად განცხადებას ავრცელებს და აღნიშნავს, რომ ისინი წლებია ეწევიან და გააგრძელებენ სტუდენტების განათლებისა თუ კვლევების მხარდაჭერას სხვადასხვა შიდა რესურსით.

როგორც ფორმულასთვის არის ცნობილი, მთავრობა კერძო უნივერსიტეტებს სთხოვს, სტუდენტების დავალიანება თავად დაფარონ.

უნივერსიტეტში აღნიშნავენ, რომ განათლების ხელმისაწვდომობისათვის სოციალურად დაუცველ ყველა სტუდენტს თავისუფალი და აგრარული უნივერსიტეტები ყოველ წელს სრულად უფინანსებს სწავლის საფასურს, ყოველგვარი დამატებითი წინაპირობის გარეშე.

"ბოლო 4 აკადემიური წლის განმავლობაში სოციალურად დაუცველი სტუდენტების სწავლის დაფინანსებამ დაახლოებით 2.5 მილიონი ლარი შეადგინა. ეს შესაძლებლობას აძლევს ნებისმიერ სოციალურად დაუცველს, რომელსაც სწავლა სურს თავისუფალ ან აგრარულ უნივერსიტეტებში, უფასოდ მიიღოს მაღალი ხარისხის განათლება.

აღსანიშნავია, რომ ცოდნის ფონდი თავისუფალი უნივერსიტეტის ყველა სტუდენტს, ყოველგვარი დამატებითი წინაპირობის გარეშე, ყოველწლიურად უფინანსებს სწავლის საფასურის ნაწილს. ამ დაფინანსებამ ბოლო ათწლეულის განმავლობაში ჯამში დაახლოებით 40 მილიონი ლარი შეადგინა.

ამავე დროს, თავისუფალი და აგრარული უნივერსიტეტები საბაკალავრო პროგრამის თითოეულ სტუდენტს, პროგრამით გათვალისწინებული კრედიტების გარდა,  უფასოდ ანიჭებს დამატებით 15 კრედიტს,  რაც თითოეული სტუდენტისათვის დაახლოებით 1500 ლარის დაფინანსებას გულისხმობს.

გარდა ამისა, თავისუფალ და აგრარულ უნივერსიტეტებში სწავლა უფინანსდებათ ეროვნული და საერთაშორისო ოლიმპიადების მონაწილეებსა და პრიზიორებს. ცოდნის ფონდი ერთი წლის სწავლის საფასურს უფინანსებს ეროვნულ გამოცდებში საუკეთესო შედეგების მქონე აბიტურიენტებს, რომლებიც თავისუფალ და აგრარულ უნივერსიტეტში აბარებენ. ცოდნის ფონდი ასევე აფინანსებს სტუდენტების საერთაშორისო თუ ადგილობრივ კონკურსებსა და კონფერენციებში მონაწილეობას", - ნათქვამია განცხადებაში.

ამასთან, როგორც უნივერსიტეტის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ვკითხულობთ, დაწყებული სემესტრის პირველი 30 კალენდარული დღის განმავლობაში ნებისმიერ სტუდენტს შეუძლია გადახდილი თანხა უკან დაიბრუნოს აკადემიურ შვებულებაში გასვლის შემთხვევაში - ასევე, სტუდენტს შეუძლია სემესტრული სწავლის დაწყება სწავლის საფასურის წინასწარ გადახდის გარეშე.

"თავისუფალი და აგრარული უნივერსიტეტების სტუდენტებს ვადაგადაცილებულ გადახდებზე არ ერიცხებათ ჯარიმები და საურავები. კახა ბენდუქიძის ცოდნის ფონდმა 2007-2023 წლებში ხარისხიანი განათლებისა და კვლევის ხელმისაწვდომობისათვის 80 მილიონ აშშ დოლარზე მეტი ინვესტიცია განახორციელა, რომელიც გამორჩეული კერძო საქველმოქმედო ინვესტიციაა განათლებისა და მეცნიერების სფეროში საქართველოს მასშტაბით.

ამ კონტექსტში აღვნიშნავთ, რომ ვაფასებთ და გვინდა, მადლიერება გამოვხატოთ ათასობით სტუდენტისა და მათი ოჯახების მიმართ, რომლებიც პასუხისმგებლობით და პატიოსნად, საკუთარი შრომის შედეგად, იხდიან სწავლის საფასურს. ვაცხადებთ, რომ თავისუფალი და აგრარული უნივერსიტეტები კვლავაც გააგრძელებენ ხარისხიანი განათლების ხელმისაწვდომობის პოლიტიკას", - ნათქვამია განცხადებაში.

ფორმულას ინფორმაციით, სტატუსშეჩერებული სტუდენტების საკითხზე მთავრობაში კერძო უნივერსიტეტების წარმომადგენლები დაიბარეს. როგორც ფორმულას წყარო ეუბნება, უნივერსიტეტების წარმომადგენლებს მოსთხოვეს, რომ დავალიანება, რომლის გადახდის პირობაც მთავრობამ რამდენიმე დღის წინ გასცა, თავად დაფარონ.

15 სექტემბერს, აშშ-ის მიერ ოთარ ფარცხალაძის სანქცირების მეორე დღეს, ირაკლი ღარიბაშვილმა სტუდენტებისთვის დავალიანების დაფარვა დააანონსა. პრემიერმინისტრმა თქვა, რომ სტუდენტებს, რომლებსაც ფინანსური დავალიანების გამო, შეჩერებული აქვთ სტატუსი, დავალიანება გაუნულდებოდათ.


close დახურვა