Freedom House ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობას ეხმაურება და ბოლოდროინდელი ცნობების შესახებ შეშფოთებას გამოთქვამს.
"შეშფოთებულები ვართ პატიმრობაში მყოფი საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის შესახებ ბოლოდროინდელი ცნობებითა და ფოტოებით. პატიმრობაში ყოფნის პერიოდში სააკაშვილის ჯანმრთელობასა და კეთილდღეობაზე საქართველოს მთავრობაა პასუხისმგებელი. ჩვენ მათ მოვუწოდებთ, უზრუნველყონ დაუყოვნებლივი და სრული სამედიცინო მკურნალობა", - წერია განცხადებაში.
პირველ თებერვალს პატიმრობაში მყოფი საქართველოს მესამე პრეზიდენტი სასამართლო პროცესს დისტანციურად ჩაერთო. მან სასამართლოს სიტყვით ქართულ და უკრაინულ ენებზე მიმართა და თქვა, რომ "ერთადერთი, რასაც ითხოვს, ადეკვატური მკურნალობის საშუალების მიცემაა".
მიხეილ სააკაშვილმა სასამართლოზე სიტყვით გამოსვლისას საკუთარ ჯანმრთელობის მდგომარეობაზე ისაუბრა და ფიზიკური მდგომარეობის საჩვენებლად მაისური აიწია. მან "არაეთიკური სურათის" ჩვენებისთვის ბოდიში მოიხადა. გამოჩნდა, რომ მიხეილ სააკაშვილს მკვეთრად აქვს წონაში დაკლებული, რაზეც მეტყველებდა გამოკვეთილი ნეკნები და მუცელი. გამოსვლის დროს ის საუბრობდა ნელა, შესვენებებით და პაუზების დროს ღრმად სუნთქავდა.
სასამართლოდან ფოტოების გავრცელების შემდეგ, სააკაშვილის მდგომარეობას უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი გამოეხმაურა. ზელენსკიმ აღნიშნა, რომ საქართველოს ხელისუფლებას აქვს მიზანი - მოკლას სააკაშვილი. უკრაინის პრეზიდენტმა თქვა ისიც, რომ საქართველოს ხელისუფლების მიმართ ჩნდება კითხვები - ვის მხარეს არიან ისინი, ნეიტრალურები არიან, თუ რუსეთის მხარეს.